იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდებიან
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დღეს მწერალთა სახლში გაიმართება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2018 წელს გამოცემულ წიგნებს, პიესებსა და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.
„იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია რვა ნომინაციაში გაიცემა, ესენია: საუკეთესო პოეტური წიგნი;საუკეთესო პროზაული წიგნი; საუკეთესო დებიუტი; საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი; საუკეთესო საბავშვო დრამატურგია; საუკეთესო თარგმანი; საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი და ნომინაცია საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია წელს მესამედ გაიცემა. პრემია წარმოადგენს პრიზს და ფულად ჯილდოს. საპრიზო ფონდი თითოეულ ნომინაციაში 2000 ლარია, ხოლო საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის – 3000 ლარი.
პრემიის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია 2017 წელს დაარსდა და მისი მიზანია საბავშვო და საყმაწვილო მწერლობის მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და გამომცემლების წახალისება, გამოსცენ რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი ქართული საბავშვო წიგნი“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, 18:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება.