იაგო ხვიჩია - ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ რაიმე მოხდებოდა, ეს კვირაც პოლიტიკური სპექტრისთვის იმედიანია
ჩვენ დავასახელეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხების შესანიშნავი შვიდეული, რომელთაგან ერთ-ერთის დაკმაყოფილებაც გახდება საფუძველი ჩვენი პარლამენტში შესვლის და იქ მუშაობის დაწყების, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ გეგმის შესახებ ზოგადი მონახაზი გააცნეს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, შეხვდებიან კიდეც.
„იცით, რომ ჩვენმა კოლეგებმა ხელისუფლებიდან გუშინ მთელი დღის განმავლობაში აკეთეს განცხადებები, როგორი კონსტრუქციულები არიან, როგორ უნდა ოპოზიცია იხილონ პარლამენტში. ჩვენი 7 საკითხის ტესტი იქნება კარგი მანიშნებელი, ეს მართალია თუ არა. თუ ერთ-ერთზე მაინც არ აღმოაჩნდება სურვილი, რომ რაიმე გააკეთოს, არ აღმოაჩნდება სურვილი, რომ ოპოზიციასთან შეთანხმდეს, მგონია, 3-4-კაციანი ფრაქციისთვის ასეთ პარლამენტში ყოფნა, სადაც უბრალოდ მისი აზრი არ აინტერესებთ და უბრალოდ გამოყენებულია იმისთვის, რომ იქ ოპოზიციის როლი შეასრულოს, ჩვენთვის არ არის საინტერესო.
არ ვიცი, მათ რა საკითხები ანაღვლებთ, ჩვენთვის შვიდივე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით, რომ ყველა საკითხი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამ 7 საკითხიდან ერთი მაინც რომ სრულყოფილად მოგვარდეს, მეათე მოწვევის პარლამენტს იმაზე მეტი საქმე ექნება გაკეთებული, ვიდრე მეცხრე მოწვევის ან მერვე მოწვევის პარლამენტს. რომელს დააკმაყოფილებენ ან რომელზე იფიქრებენ სერიოზულად, არ ვიცი. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ერთი არის პარლამენტის შენობაში შესვლა, მეორე – საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ჩვენ შენობაში შევდივართ და გამოვიყენებთ პარლამენტის პრესბანერს და პარლამენტის შენობას. იქ ბევრი ჟურნალისტია, იქ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. „ოცნებამ“ ეს თავისი საქმისთვის შეუსაბამოდ აქცია. შენობა გამოსადეგია. იქ ხართ, ბანერები იქ არის, ხალხმა იცის, რომ იქ არის პოლიტიკური პროცესი. თუმცა, პარლამენტში შესვლა ეს არ არის. პარლამენტში შესვლა სხვა რამეს ნიშნავს. ჩვენ ვთქვით, რომ შენობაში შევალთ, მაგრამ ვთქვით პარლამენტში შესვლის პირობები. ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ რაიმე მოხდებოდა. ეს კვირაც ასეთი იმედიანი კვირაა პოლიტიკური სპექტრისთვის. ბევრი მოარული ჭორია, მათ შორის ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ოპოზიცია ერთიანად შევიდეს პარლამენტში. ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ არ ვიცით, ეს ნამდვილად მოხდება თუ არა. გეგმა ვთქვით იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმება ვერ შედგება. ერთი ქუჩაშია და იქიდან ჩხუბობს, მეორე – პარლამენტში, და იქიდან ებრძვის ქუჩაში მყოფს. ამ შემთხვევაში, „გირჩის“ გეგმა იქნება ასეთი, რაც წარმოვადგინეთ. არ ვიცი, ამ გეგმას რას დაარქმევენ. ვიღაც დაარქმევს შედიხართო, ვიღაც იტყვის, რომ ეს არ არის შესვლა. ჩვენ არ გვაინტერესებს, რა დაერქმევა. ჩვენ გეუბნებით, რომ ასეთი შინაარსის ნაბიჯს გადავდგამთ. ზოგადი მონახაზი „გირჩის“ გზის შესახებ „ქართულ ოცნებას“ ვუთხარით. თუმცა, ასეთი სრულყოფილი სახით მათაც არ იცოდნენ. თუ საჭირო იქნება, შევხვდებით, ჯერჯერობით არ დაგვიგეგმავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.