იაგო ხვიჩია - როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიტყვებზე წამოაგოს და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს
პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს.
„როდესაც პირველი მოსმნით ვღებულობდით ამ კანონს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩვენმა კოლეგებმა თქვეს, რომ თუ ყველა ეს შემდეგ არჩევნებზე არ გავრცელდებოდა, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დათმო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ამ ცვლილებების ჩავარდნა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს. მათ უნდათ, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიტყვებზე წამოაგონ და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდონ.
რაც შეეხება წყალობას და საჩუქარას, პოლიტიკაში ასე საუბარი სერიოზული არ არის. წყალობა და საჩუქრები რომ გვჭირდებოდეს „ქართული ოცნებისგან“, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის სახელით ვსაუბრობ, ამას რამენაირად ვითხოვდით და მივიდოდით შესაბამისი წინადადებით, რომ საჩუქარი გაგვიკეთეო, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. ამას ასე შეიძლება, შევხედოთ – ყველა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შემოდის, თურმე „ქართული ოცნების“ საჩუქარი ყოფილა ქართველ ხალხზე და თურმე, ყოველ დღე საჩუქრებით ხელდამშვენებულები დადიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება კითხვას, ცვლილებების 2024 წლიდან ამოქმედებას თუ დაეთანხმებით, – ხვიჩიას თქმით, ამასთან დაკავშირებით დამატებითი დისკუსიები ჯერჯერობით არ ყოფილა.
„ვგრძნობ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს წინადადება შემოიტანა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაბრალდეს, თორემ 2024 წლამდე, ჩვენ ამ წუთას არანაირი წინაპირობა არ გვაქვს, რომ რამე არჩევნები დაინიშნება. 43%-იანი ბარიერი გადალახულია „ქართული ოცნების“ მხრიდან, ოპოზიციაც უხალისოდ ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ 2%-იან ბარიერს მხარს დავუჭერთ, მაგრამ მხარს არ დავუჭერთ და წინააღმდეგი ვიქნებით 2%-იანი ბარიერის გაზრდის, თუნდაც 3%-მდე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ გრძელდება და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. მისივე თქმით, 2024 წლიდან ამოქმედდება სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით, რომელიც დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულად თავსებადია. რაც შეეხება 2-პროცენტიან ბარიერს, კობახიძის განცხადებით, არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, უკეთესია თუ არა ის 5-პროცენტიან ბარიერზე და შესაძლოა, პირიქითაც იყოს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველა შემთხვევაში, ეს არის მცირე საჩუქარი, რომელიც შეიძლება, გაუკეთდეს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ კეთილი ნების შესაბამისად.