ირაკლი კობახიძე - ჩემი პოზიციაა, რომ პროექტიდან მომდევნო არჩევნებზე ჩანაწერი უნდა ამოვიღოთ, ბარიერის კუთხით რამე ცვლილება თუ იქნება, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც
ირაკლი კობახიძე - ჩემი პოზიციაა, რომ პროექტიდან მომდევნო არჩევნებზე ჩანაწერი უნდა ამოვიღოთ, ბარიერის კუთხით რამე ცვლილება თუ იქნება, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ გრძელდება და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე.

მისივე თქმით, 2024 წლიდან ამოქმედდება სრულად პროპორციული სისტემა 5-პროცენტიანი ბარიერით, რომელიც დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულად თავსებადია. რაც შეეხება 2-პროცენტიან ბარიერს, კობახიძის განცხადებით, არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, უკეთესია თუ არა ის 5-პროცენტიან ბარიერზე და შესაძლოა, პირიქითაც იყოს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველა შემთხვევაში, ეს არის მცირე საჩუქარი, რომელიც შეიძლება, გაუკეთდეს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ კეთილი ნების შესაბამისად.

„ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ამ ცვლილებების მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით.

რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება, უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება, გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან მომდევნო არჩევნების შესახებ ჩანაწერი უნდა იქნას ამოღებული, ხოლო ბარიერის კუთხით რამე ცვლილება თუ იქნება, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან. ირაკლი კობახიძის განმარტებით, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც.

„რაც შეეხება ჩანაწერს მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიციაა და ალბათ, ამას გაიზიარებს მთელი უმრავლესობა, რომ ჩანაწერი მომდევნო არჩევნების შესახებ უნდა იქნას ამოღებული. ცალსახად, თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება, თუმცა რიგგარეშე არ იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.