იაგო ხვიჩია - ორ პროცენტზე მაღალ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ცვლილებების ჩაგდება სურთ, საბაბს ეძებენ
„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოდითგანვე არ სურდათ, ოღონდ ამის გაკეთება ისე უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი მათ არ დაბრალებოდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პირველი მოსმენის წინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ კონსულტაციებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა, თუ პროექტი ამოქმედდებოდა დღესვე და არა 2024 წლიდან. მაშინ, ამას „ქართული ოცნება“ დათანხმდა.
„საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება „ქართულ ოცნებასაც“ სურს. თქვეს, რომ პროექტს 2024 წლიდან აამოქმედებენ იმ იმედით, რომ ცვლილებებს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭიროს და საკონსტიტუციო ცვლილება ისე ჩავარდეს, მათ არ დაბრალდეთ. მგონი, ყველას ესმის, რომ რიგგარეშე არჩევნები მოხდეს 2024 წლამდე შემთხვევითობის წყალობით და არა რომელიღაც ლოგიკურ ქმედებათა ერთობლიობით. შესაბამისად, ახლა ამ თემის გამოგორება მიზანმიმართულია, რათა „ნაცებს“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დაბრალდეთ და „ქართული ოცნება“ პროცესიდან შედარებით სუფთად გამოვიდეს. ჩვენ 2 პროცენტზე მაღალ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ცვლილებების ჩაგდება სურთ და საბაბს ეძებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ გრძელდება და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე.
„ჩემი პოზიციაა, რომ პროექტიდან მომდევნო არჩევნებზე ჩანაწერი უნდა ამოვიღოთ. ბარიერის კუთხით რაიმე ცვლილება თუ იქნება, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან. იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც“, – განაცხადა კობახიძემ.