იაგო ხვიჩია - ოქმების გასწორება უნდა იყოს მოლაპარაკებების ნაწილი აქციების ფონზე, არჩევნები უნდა გადავარჩინოთ, რომ მეორე ტურში მაინც გვქონდეს რეალური არჩევნები
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოქმების გასწორება უნდა იყოს მოლაპარაკებების ნაწილი აქციების ფონზე და არჩევნები უნდა გადარჩეს.
როგორც იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ოპოზიცია მეორე ტურში უნდა გავიდეს, ოღონდ უნდა გავიდეს, მაშინ, როცა მისთვის გასაგებია, რომ მეორე ტურში წყდება არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა.
„ახლა მიდის ოქმების გადასწორება. ეს საარჩევნო კომისია დაგვამახსოვრდება იმით, რომ ამ არჩევნებზე ყველა რასაც უნდა იმას წერდა. იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ჩვენ ახალი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. ოღონდ შეგვიძლია, ეს ახალი არჩევნები მეორე ტურში ჩავატაროთ, ანუ ლეგიტიმაცია ავიღოთ კარგად ჩატარებული მეორე ტურისგან. ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძის და ნებისმიერი ოპოზიციის ქმედება დამოკიდებულია დანარჩენი კოლეგების ურთიერთობაზე, ჩვენ პარლამენტში მარტო შესვლა არ გვინდა, მნიშვნელობა არ აქვს, ზურაბ ჯაფარიძე შევა თუ არა დიდუბიდან მაჟორიტარად, მარტო შესვლა არ გვინდა. მე ვხედავ გზას, როგორ შეიძლება ამ არჩევნების გადარჩენა. მე მგონია, რომ ჩვენ არჩევნები უნდა გადავარჩინოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურში მაინც გვქონდეს რეალური არჩევნები. ამ არჩევნების რეალურობას აწი არავინ დაიჯერებს, 56 პროცენტიდან დაიწყეს გამოცხადება, როცა მიხვდნენ, ზედმეტი მოუვიდათ, ჩამოვიდნენ 48%-ზე. აწი ამ არჩევნებს ვერაფრით ვერ გააკეთილშობილებს, შენ შეგიძლია მეორე არჩევნები გახადო კონკურენტული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, მეორე ტურს უნდა ჰქონდეს აზრი, რათა ეს არჩევნები გადარჩეს, რადგან არავის სჯერა, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ჩატარდა.
„საჭიროა, ყველა ოქმი, ყველა დარღვევა ყურადღებით იქნას შესწავლილი, ცესკო-ს ჩვენ ვეღარ ვენდობით, მაგრამ ეს უნდა იყოს მოლაპარაკების ნაწილი, ოქმების გასწორება პროტესტების თუ რაღაცების ფონზე უნდა იყოს ჩვენი მოლაპარაკების ნაწილი. თან ელაპარაკები, თან რაც გინდა იმას აკეთებ, აქციებს აკეთებ, ოღონდ უნდა იცოდე მიზანი, მიზანი არის გადავარჩინოთ ეს არჩევნები, რომ არ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.