იაგო ხვიჩია - მგონი, კლინიკა „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს
მგონი, კლინიკა „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „სათანადო რეკლამაც, ყველაფერი აქვს „ვივამედს“.
„დღეს რასაც ვუყურებდი, მგონი, „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს. მგონი, ყველაფერია აქ შესაბამისი პაციენტებისთვის, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, განკურნება სწადიათ და მსოფლიო კლინიკებში ამას ვერ აღწევენ. სათანადო რეკლამაც, ყველაფერი აქვს „ვივამედს“. ვიფიქრებდი, რომ პროფილი ცოტათი შეეცვალათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს, სასამართლო პროცესზე სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი თხოვნით წავიდნენ ვაშაძე, ცისკარიშვილი, ბოკუჩავა ამერიკაში და ხალხს ხვდებიან.
„როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ხალხს ამერიკაში ერთად რა უნდოდა, თუ არა მიშა? აქ არაფერი განსაკუთრებული არაა, ყველაფერი ისედაც ცხადია. მიშას გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა. სააკაშვილი არც არასდროს წასულა პოლიტიკიდან, შესაბამისად, სერიოზული არ იქნება, თავი გავისულელოთ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ახლა საიდანმე დაბრუნდა. სააკაშვილი სულ იყო პოლიტიკაში და დღესაც მწვანე მუზარადასხმულია პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში იყო, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა 40 წუთის განმავლობაში. ჰოი საოცრებავ და, „ქართულმა ოცნებამ“ მისცა საშუალება, 40 წუთის განმავლობაში პოლიტიკური განცხადებით მიემართა საზოგადოებისთვის. „ქოცებს“ როცა მიკროფონის გამორთვა უნდათ, როგორ გვითიშავს ხოლმე პარლამენტის თავმჯდომარე. მოსამართლეც კი გაფრთხილებული ჰყავდათ, არ შეაწყვეტინოთ, რასაც ლაპარაკობსო“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ შეაფასებდა სააკაშვილის განცხადებას, რომ ელექტრონული სისტემა და, ზოგადად, საარჩევნო სისტემა გაყალბებაზეა აგებული, იგო ხვიჩიამ აღნიშნა:
„ზოგადად, არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილს ცესკო მოსწონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მასაც ჰყოლია თავისი ცესკო და იცის, ცესკოელებს რა შეუძლიათ პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვინმე შევიდა ისეთი, ვინც მას ზუსტად აუხსნა, რას ნიშნავს ელექტრონული სისტემა. შესაბამისად, ესეც იმ „ნარატივშია“, რომ ჩვენ ცესკო წინასწარ უნდა გვქონდეს გალანძღული, რადგან შემდეგ მაინც მოგვიწევს და ხომ ვამბობდიო, უნდა უთხრა ვიღაცას. აქედან გამომდინარე, ეს თამაში სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია. ისიც ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლის თავიდან ასაცილებლად „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მისცა, პირდაპირი ეთერით გამოსულიყო და მიემართა, რომ ისინი არსად წავიდნენ, ერთად იყვნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩაერთო.