იაგო ხვიჩია - მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას თავის გეგმებში, რასაც სასამართლოს მიმართულებით ახორციელებს, გაქცევა ამას ვერ უშველის
გაქცევა და სხვაგან დგომა ამას ვერ უშველის, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით.
ხვიჩიას შეფასებით, პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ პოლიტიკურ პროცესს.
„მე ზოგადად არ მიყვარს ბუტიაობა. ცხოვრებაშიც ეგრე ვარ და პოლიტიკურ ნაწილშიც. ჩემი აზრით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყრათ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს. საერთო სტრატეგიების დასახვით და ურთიერთგაგებით უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას თავის გეგმებში, რასაც სასამართლოს თუ სხვა მიმართულებით ახორციელებს. გაქცევა და სხვაგან დგომა ამას არ უშველის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება ხელმოწერილი შეთანხმების, შარლ მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევაა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.