იაგო ხვიჩია - მერიამ ვერ გაითვალისწინა, რომ ტაქსთან ბრძოლა რეალურად გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლაა
დღევანდელი კანონმდებლობით დაჯარიმება შეუძლებელია, თუ მანქანის მძღოლი თვითონ არ იტყვის, რომ ტაქსისტია და არა „შმაქსისტი“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ კამპანია „შმაქსზე“ საუბრისას განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, „შმაქსი“ სოციალური პროექტია, რომელიც საზოგადოების დაბალ და საშუალო ფენას ეხება.
„ჩვენთან მოდიან მართლა გამწარებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ოჯახების რჩენის ერთადერთი საშუალება წაართვა მერიამ. ადამიანებს, ფაქტობრივად, ჩამოართვეს საკუთრება საკუთარ მანქანებზე. ჩვენ შევთავაზეთ ამ მავნე რეგულირებისგან თავის არიდების საშუალება ჩვენი საგანმანათლებლო პროექტი „შმაქსით“. 100-ზე მეტი ადამიანი არის უკვე „შმაქსიში“ გაწევრიანებული, ყოველდღიურად ემატებიან ადამიანები „შმაქსის“ რიგებს და მიუხედავად იმ ჭორებისა, რომელიც დაყარეს, რომ აჯარიმებენ „შმაქსის“ მძღოლებს ეს ჭორები არ მართლდება. ადამიანები იჯერებენ, რომ ისინი არაფერ კანონდარღვევას არ ჩადიან და ასე ცდილობენ გააგრძელონ საკუთარი ოჯახების გამოკვება. ძალიან სოციალური პროექტია, რომელიც ეხება საზოგადოების დაბალ და საშუალო ფენას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „შმაქსაობამ“ შეიძინა სახალხო მხარდაჭერა და მერიამ ვერ გაითვალისწინა, რომ ტაქსთან ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლაა.
„შმაქსაობამ“ შეიძინა სახალხო მხარდაჭერა. ფაქტობრივად „გირჩის“ ყველაზე პოპულარული პროექტია. ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენ მოსაზრებებს გვწერს, გვწერს ასეთი ტონალობით, რომ თქვენში ვცდებოდით, სხვა ხალხი მეგონეთ და კარგი ხალხი ყოფილხართ. ნებისმიერი რეგულირება, რომელიც ჩემს მანქანაზე „შმაქსის“ დაწერას ამიკრძალავს, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. მერიამ ვერ გაითვალისწინა, რომ ტაქსთან ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლაა რეალურად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას თქმით, მოქმედი კანონმდებლობით „შმაქსისტების“ დაჯარიმება შეუძლებელია.
„დღევანდელი კანონმდებლობით დაჯარიმება შეუძლებელია, თუ მანქანის მძღოლი თვითონ არ იტყვის, რომ ტაქსისტია და არა „შმაქსისტი“. თუ „შმაქსისტი“ ხარ, შენ კანონმდებლობის რეგულირება არ გეხება და ზოგადად ჩემი რჩევა არის მარტივი, ტაქსისტებო, გახდით „შმაქსისტები“, ძალიან მარტივია. ტაქსისტობა წარსულს ჩაბარდა, ახლა „შმაქსისტობის“ დროა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ახლა ვსწავლობთ, შევქმნით სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ 3 ოქტომბერს დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.