იაგო ხვიჩია - მანუჩარ კვირკველია დავამტკიცეთ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, შესაბამისად, არ მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, არ გვინდოდა მოადგილეობაო, აბა, ვინ დავამტკიცე დილით
ჩემი დღე დაიწყო იმით, რომ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მანუჩარ კვირკველია დავამტკიცეთ, შესაბამისად, არ მესმის, რას ნიშნავს, ჩვენ არ გვინდოდა თავმჯდომარის მოადგილეობაო. აბა, ვინ დავამტკიცე დილით, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო ოპოზიციის წვერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო განცხადებას არ ვიცნობ, მაგრამ დღეს ჩემი დღე დაიწყო იმით, რომ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ძალიან ღირსეული კანდიდატი – მანუჩარ კვირველია, ოლიმპიური ჩემპიონი დავამტკიცეთ. ვერ მოვასწარი კომიტეტის წევრი ვყოფილიყავი, მომავალი წევრი ვარ, შემდეგი კვირიდან ვიქნები, მაგრამ მხარი დავუჭირე და ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი ღირსეული კანდიდატი არის კომიტეტის მოადგილედ. ასევე, კომიტეტის მოადგილედ წარდგენილია ბატონი დევი ჭანკვეტაძე, რომელსაც, არ ვარ კომიტეტის წევრი, თორემ სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. შესაბამისად, არ მესმის, რას ნიშნავს, ჩვენ არ გვინდოდა თავმჯდომარის მოადგილეობა. აბა, მე ვინ დავამტკიცე დილით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, მან საკუთარი ფეისბუქპოსტის დაწერის მიზეზი განმარტა.
„ზოგადად, არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს, რომ ჩემმა კოლეგებმა ოპოზიციიდან მიიღონ ეს თანამდებობები. პირიქით, რომელ კომიტეტშიც მე ვიქნები, მხარს დავუჭერ ამ კანდიდატურებს. მაგრამ, სულ მახსოვს და ვერაფრით ვივიწყებ იმ ფაქტს, ჩვენ რომ აქ შემოვდიოდით და ვამბობდით, რომ პარლამენტში შემოსასვლელიაო, რა დღეში იყვნენ ჩვენი კოლეგები. ამასთან დაკავშირებით, არანაირი საბოდიშო წერილი არ მიმიღია, არც ყურში არ უთქვამს არავის, არ ვიყავით მართლებიო. ახლა უბრალოდ დავინახე, რომ თანამდებობებს ითხოვენ. მომეჩვენა უცნაურად, ამიტომ დავწერე. სულ ეს იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების თანამდებობებზე უარს ამბობს. თუმცა, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მანუჩარ კვირკველია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.