იაგო ხვიჩია - გიორგი ვაშაძეს, როგორც პირველ მერცხალს, წარმატებას ვუსურვებ ხუთ ნომერთან ინტეგრაციასა და პრემიერ-მინისტრობის სასურველი თანამდებობის მოპოვებაში
ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პარტია გაერთიანდეს და არჩევნების დღეს ბიულეტენზე სამი პარტია იყოს – „ნაცები“, „ქოცები“, „გირჩი“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძეს ხუთ ნომერთან ინტეგრაციაში წარმატებას უსურვებს.
„გიორგი ვაშაძეს, როგორც პირველ მერცხალს, წარმატებას ვუსურვებ ხუთ ნომერთან ინტეგრაციასა და პრემიერ-მინისტრობის სასურველი თანამდებობის მოპოვებაში, „ლელოს“ – ალტერნატიული ცენტრის შექმნას და რაც შეიძლება მეტი პარტიის მიზიდვას. ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ საზოგადოებას ეცოდინება ის პარტიები, რომელთათვის იდეოლოგიურ ღირებულებებს მნიშვნელობა არ აქვს და ერთმანეთს ნებისმიერ ფასად შეერწყმებიან. როცა ფანტაზია „ნაცების“ გავლით პარლამენტში შესვლას ვერ ცდება, მგონი, უნდა იფიქრო, რომ ეს არასწორი გზით მოძრაობაა. როგორც კი წინასაარჩევნო მაგნიტი ირთვება, „ნაცმოძრაობა“ ხალხის მიზიდვას მაინც ახერხებს, როგორც ახლა ვაშაძე მიიზიდა და სხვებს მიიზიდავს. ძირითადად, ეს არის ხალხი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებს ან „ქართული ოცნების“ მიერ არის შეგზავნილი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.