იაგო ხვიჩია - გიორგი გახარიას ჯერ იმის დადასტურება მოუწევს, რომ ნამდვილად არის ოპოზიცია
იაგო ხვიჩია - გიორგი გახარიას ჯერ იმის დადასტურება მოუწევს, რომ ნამდვილად არის ოპოზიცია

გიორგი გახარიას ჯერ იმის დადასტურება მოუწევს, რომ ნამდვილად ოპოზიციაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

გიორგი გახარიას პოლიტიკურ შანსებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პრემიერობის პერიოდში არსებული რეიტინგი ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ შესაძლოა არ შეუნარჩუნდეს პოლიტიკოსს.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა შანსები აქვს გახარიას. ხომ არის ხოლმე, წინმსწრებად რომ აკრიტიკებენ პოლიტიკაში მომავალ ადამიანს, მე არ მინდა, მსგავსი რამ გამომივიდეს და ამიტომ დაველოდოთ ბატონ გახარიას, მის მიერ უფრო ცხადად ნათქვამ სიტყვას და შემდეგ უფრო იქნება ალბათ ამაზე საუბარი.

მას ჯერ იმის დადასტურება მოუწევს, რომ ნამდვილად არის ოპოზიცია და არა ხელოვნურად შექმნილი. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეს ადვილი არ არის. მერე მას მოუწევს თავისი გეგმების ზუსტად თქმა და ამის შემდეგ შეიძლება შეგვექმნას რაღაც წარმოდგენა, გაამართლებს თუ არა სოციალური ქსელის „მოწონებებს“. თუმცა, ის რომ პრემიერობის დროს გქონდა რეიტინგი, ყოველთვის არ აისახება შენი, როგორც ოპოზიციონერის რეიტინგზე და ეს მგონი ძაან ბანალური ჭეშმარიტებაა. ჩვენ გვინახავს ახალი ადამიანები პოლიტიკაში, რომელიც პერსპექტიულად გამოიყურებოდნენ და არ გამართლებიათ იმედები. შეიძლება პირიქითაც. ამიტომ ჯობს, დავაკვირდეთ ამ ამბავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა სჭირდება.