იაგო ხვიჩია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, დებატებს შინაარსი და ადამიანებს აზრის გამოხატვის საშუალება მიეცეს
იაგო ხვიჩია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, დებატებს შინაარსი და ადამიანებს აზრის გამოხატვის საშუალება მიეცეს

დღეს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად იყო, დებატებს შინაარსი და ადამიანებს აზრის გამოხატვის საშუალება მისცემოდა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„სატელევიზიო ფორმატებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზება ნორმალური და პოზიტიურია, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, გამონაკლისების გარდა, „გირჩის“ წარმომადგენლებთან დებატებზე პოლიტიკური მოთამაშეები არ სხდებიან, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ მთავარია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას აჩვენოს და აუხსნას, ვინ ვისთან დაჯდომასა თუ კამათზე აცხადებს უარს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატებთან აპირებს „გირჩი“ კონსულტაციების დაწყებას დებატებში მონაწილეობისთვის დასათანხმებლად, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მათ შერჩეული ჰყავთ კანდიდატები, რომლებიც ასე თუ ისე, ლიდერებად მიიჩნევა. 

„ჩვენ საუბარი გვინდა მაგალითად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. პირველ რიგში, ის ხელისუფლებისგან არის მხარდაჭერილი. გვითხრეს, რომ ქალბატონ სალომესთან საუბრის საშუალება არა მხოლოდ გამოწვევის რეჟიმში, სხვა ფორმატში, სხვა კანდიდატებთან ერთადაც მოგვეცემა. ჯერ ვეცდებით, ეს ფორმატი გამოვიყენოთ. საერთოდ, გვირჩევნია, არავის გამოწვევა არ დაგვჭირდეს და ყველა სუბიექტთან დებატს შეთანხმებით მივაღწიოთ, რაც იდეალური ფორმატი იქნებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ „გირჩს“ დებატები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთანაც სურს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ქმნის თუ არა არჩევნებში არასამართლიან გარემოს ფიქტიური კანდიდატების მონაწილეობა, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებულ მოძრაობაში შემავალმა პარტიებმა მეტი საეთერო და სარეკლამო დროის მისაღებად დაარეგისტრირეს, “გირჩის” ლიდერმა განაცხადა, რომ მათთვის ეს გასართობია.

„მგონია, რომ ეს კანდიდატები „ტროლი“ კანდიდატები არიან, რომლებსაც არჩევნებში მოგება არ უნდათ და რომც მოიგონ, ამ ტიტულს უკან დააბრუნებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მარათონში ჯიუტად მონაწილეობენ. მე პირიქით, მაინტერესებს ამ ხალხთან საუბარი, დებატებზე პრეზიდენტობის ვიღაც კანდიდატი რომ მიზის და საეთერო დროს იყენებს, ამის რა მორალური ახსნა აქვს და რა უნდა მელაპარაკოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიამ ასევე განაცხადა, რომ „გირჩი“ რაღაც თვალსაზრისით, კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია, რადგან პოლიტიკურ გაერთიანებას 25 ნომერი ამოუვიდა და ის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში ჩართვის ციკლს დაასრულებს.

პირველი არხი მზად არის, საეთერო დრო ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 28 ოქტომბრამდე ტრადიციული ფორმატის სამი დებატი გაიმართება.

ხვალიდან 25 ოქტომბრამდე „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში თითოეულ კანდიდატს საშუალება ეძლევა, ამომრჩევლებს 10-10 წუთის განმავლობაში საკუთარი ხედვა გააცნოს.