იაგო ხვიჩია - 9 აპრილი ხაბეიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ თარიღი არ არის, სხვა ხალხს ეკუთვნის ისტორიაში
9 აპრილი ხაბეიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ თარიღი არ არის, სხვა ხალხს ეკუთვნის ისტორიაში. ვფიქრობ, ამ თარიღში რაც უნდა გააკეთო, ყველაფერი ხელოვნური იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელიც 9 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
ხვიჩიას თქმით, აქცია არის ის, რომელზეც ადამიანები გულწრფელად შეიკრიბებიან და პოლიტიკოსი აჩვენებს აქციის მონაწილეთა ინტერესებს, პარტიული აქტივისტების დაორგანიზება და შეკრება კი აქციად არ მიაჩნია.
„9 აპრილს რა აქციაც არ უნდა დანიშნონ, უკვე პოლიტიკური იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, 9 აპრილის თარიღი ხაბეიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ თარიღი არ არის, სხვა ხალხს ეკუთვნის ისტორიაში. ზოგადად, ვფიქრობ, რომ იმ თარიღში შენ რაც უნდა გააკეთო, ყველაფერი ხელოვნური იქნება და ილუზიების შექმნა, რომ შენ იგივე ხალხი ხარ, ვინც თავის დროზე 9 აპრილს იქ იდგა, არასწორია. ამიტომ მგონია, ხმაური არ არის საჭირო, საჭიროა ლაპარაკი, ჯერ იმისთვის, რომ ადამიანებს მართლა მოუნდეთ შენ გვერდით დგომა, თორემ შენს პარტიულ აქტივისტებს რომ დააორგანიზებ, მოიყვან, ამის მენეჯმენტს რომ განახორციელებ და ამას აქციად ჩათვლი, მე ეს აქციად არ მიმაჩნია. აქციაა ის, რაზეც ადამიანები გულწრფელად შეიკრიბებიან, პოლიტიკოსის ამოცანაა, დაანახოს, საით მიდის ამ აქციის მონაწილეთა ინტერესები და არა ის, რომ შენ რაც გინდა, ამაზე შეკრიბო შენი აქტივისტები და ამას აქციები უწოდო“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.
ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევენ დროს, რათა ანახონ საზოგადოებას, რომ იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.