იაგო ხვიჩია - განცხადებები პოლარიზაციაზე ყოველთვის არ ნიშნავს რევოლუციას, ეს ნიშნავს იმ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ
პოლარიზაციაზე განცხადებები ყოველთვის არ ნიშნავს რევოლუციას. ეს ნიშნავს იმ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ, – ასე შეაფასა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი“.
იაგო ხვიჩიას თქმით, ამ განცხადებას უნდა შეხედონ თითოეული პოლიტიკური პარტიის გადმოსახედიდან.
„თქვენ იცით, რომ იმ პროცესში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს ქართული პოლიტიკის დატოვებას, ამის მაღალი შანსია. ბევრი პოლიტიკური ძალა მიმართავს რადიკალიზაციის გზას. ზურაბ ჯაფარიძე ერთადერთი გამონაკლისი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს (და ეს მიზანი სრულიად ლეგიტიმურია) სურთ რადიკალური ოპოზიციური ხმების მიმხრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ზოგადი განცხადებები ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რევოლუციაზე გავდივართ, ნიშნავს იმ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ, ამგვარი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, შესაძლებელია წარმატებული იყოს იმ მიზნისთვის, რა მიზანიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა იმ თვალსაზრისით, რომ ამის ირგვლივ მოხდება ისეთი რევოლუციური მუხტის შეკრება, რომ ამან შემდეგ შეიძლება ვადამდელი არჩევნები ან ხელისუფლების ვადამდელი ცვლილება გამოიწვიოს. მე ამის ნაკლებად მჯერა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.