ია მეტრეველი - ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს და ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნას ვერ დაარქმევს
19 წლის უდანაშაულო ბავშვს წაართვეს სიცოცხლე, ეს არ აკმარეს და ბანდიტად გამოაცხადეს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ განაცხადა.
„ოქრუაშვილი რას ამბობს, არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვდით ოქრუაშვილის პასუხისგებას, ვინაიდან ის იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოვლად დაუშვებელია, არ ყოფილიყო საქმის კურსში. 19 წლის უდანაშაულო ბავშვს წაართვეს სიცოცხლე, ეს არ აკმარეს და ბანდიტად გამოაცხადეს. მაშინ წლისთავი იყო კრიმინალი „ნაციონალების“ მოსვლისა და საზოგადოებამ ჯერ არ ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე. ჩემით და სანდროთი დაიწყო ყველა ის საშინელება, რაც შემდეგ გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა. სააკაშვილს და ოქრუაშვილს აქვთ ნათქვამი, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო და ყველაფერი ჩაეფარცხათ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეთქვათ, ესენი იყვნენ ბანდიტები. ოქრუაშვილი თავს იმართლებდა აბსურდული განცხადებით, მალევე გადავედი თავდაცვის სამინისტროშიო. ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, დაადასტურა დონაძემ და ამხილა ოქრუაშვილი. ასევე, როგორც ვიცი, მიქაძემაც. ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ოქრუაშვილი და პოლიტიკურს ვერ დაარქმევს ამ ყველაფერს, ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ ის იყო მინისტრი მაშინ. ოქრუაშვილი ახლა სააკაშვილთან ერთად დგას და ისევ ერთნი არიან, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, მან სახე გამოაჩინა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროკურატურა ორ მოწმეს დაკითხავს.
ცნობილია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს არ დაესწრება. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.