ია მამალაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მის წარდგენას მხარს უჭერს
„გურია ნიუსის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ია მამალაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის წარდგენას მხარს უჭერენ.
მათ შორის, ია მამალაძე მადლობას უხდის პარლამენტის წევრებს, მმართველი უმრავლესობიდან და ოპოზიციური ფრაქციებიდან.
„ძვირფასო მეგობრებო! ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ჩემი ყოფნა საქმისთვის სასარგებლო იქნება. განსაკუთრებით დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის წევრებს, მმართველი უმრავლესობიდან და ოპოზიციური ფრაქციებიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩემს მიუკერძოებლობაში ეჭვი არც ერთ მხარეს არ ეპარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია… მაგრამ, მინდა ყველამ კარგად გაიაზროს, რომ კვოტაზე წარდგინება სახალხო დამცველის პრეროგატივაა და სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ ვის წარადგენს ის. სახალხო დამცველს 10-დღიანი ვადა აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რადგან ყველა არგუმენტს, მოსაზრებას, სურვილს სჭირდება კარგად გაანალიზება, ასეც მოიქცევა და მას ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ… მე, კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას – სიცოცხლის ბოლომდე დავალებული ვარ თქვენგან ასეთი მხარდაჭერისთვის“, – წერს ია მამალაძე სოციალურ ქსელში.