„ჰუსიტებმა“ ადენის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით იერიში მიიტანეს
იემენში „ჰუსიტებმა“ ადენის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას „როიტერი“ იემენის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთი რაკეტა აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან რამდენიმე წუთით ადრე დაეცა, ვიდრე კაიროდან მომავალი რეისი დაეშვებოდა. უსაფრთხოების მიზნით თვითმფრინავი ჯედაში გადაამისამართეს, ხოლო ასაფრენ ბილიკზე მყოფი ორი თვითმფრინავი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
„ჰუსიტებს“ მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
მედიის ცნობით, თავდასხმები იემენში რამდენიმე მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების გამწვავების ფონზე განხორციელდა. საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა სამთავრობო ძალებმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყეს და, კოალიციის საჰაერო მხარდაჭერით, სტრატეგიული ბაბ-ელ-მანდების სრუტისა და ქალაქ მოჩას მიმდებარე წითელი ზღვის სანაპიროს დასაბრუნებლად შეტევა დაიწყეს. მათ „ჰუსიტები“ იმ ტერიტორიებიდან განდევნეს, რომლებიც დაჯგუფებას გასულ თვეში ჰქონდა დაკავებული.