ჰუბერტ ქნირში - გადასასვლელი პუნქტების დახურვა არაჰუმანურ სულისკვეთებას ეფუძნება
ჩვენ თვალს ვადევნებთ გადასასვლელი პუნქტების დახურვის შედეგებს, განსაკუთრებით ოძისის პუნქტის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ბათუმში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო სამედიცინო საჭიროების შემთხვევაშიც კი გადასვლის აკრძალვა ადამიანებისთვის აჩვენებს, რომ ე.წ. ბორდერიზებული გამყოფი ხაზი ჰუმანიტარულ პრობლემას წარმოადგენს.
„ქართველ კოლეგებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ყურადღებით აკვირდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ თვალს ვადევნებთ გადასასვლელი პუნქტების დახურვის შედეგებს, განსაკუთრებით ოძისის პუნქტის, რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან ერთად მოვინახულე. ფაქტი, რომ ადამიანებს უკრძალავენ გადასვლას საგანგებო სამედიცინო სიტუაციის შემთხვევაშიც კი, აშკარად აჩვენებს, რომ ბორდერიზებული გამყოფი ხაზი ჰუმანიტარულ პრობლემას წარმოადგენს, რომ ის ეფუძნება არაჰუმანურ სულისკვეთებას. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ცხინვალსა და მოსკოვში პასუხისმგებელმა ადამიანებმა უნდა ისწავლონ ბერლინის კედლის გაკვეთილი და გააცნობიერონ ამ კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, თუ როგორ მთავრდება ასეთი გაყოფა“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.