ჰუბერტ ქნირში - დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანებზე და მათ არალეგიტიმურად ცნობს ქართულ პოლიტიკაში მსახურებისთვის, პოლარიზებულია და თავი უნდა ავარიდოთ
დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანებზე და მათ არალეგიტიმურად ცნობს ქართულ პოლიტიკაში მსახურებისთვის, პოლარიზებულია და თავი უნდა ავარიდოთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში მუშაობა დაიწყო 12 პირობაზე, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა. პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, როგორ შეასრულონ ისინი, ასევე ხალხი გამოდის ქუჩაში, რათა გამოხატონ მათი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, მონაწილეობს ამ ძალისხმევაში და იყენებს შესაძლებლობებს, რომელიც ეძლევათ.
არც ერთი პარტია არ უნდა დარჩეს გვერდით და დამოუკიდებლად იმოქმედოს. ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. ეს არის სწორედ ის, რასაც ევროკავშირი გულისხმობდა, როდესაც ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციას, როგორც საქართველოსთვის მნიშვნელოვან პუნქტს. ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია არის უარყოფითი მახასიათებელი ქართული პოლიტიკური სისტემის და ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე აქ ვმსახურობ, ადამიანები ხაზს უსვამდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ეს იყო ხალხი მთავრობიდან, ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და უბრალოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები და მომუშავე ხალხი, ევროკავშირიც ასევე ფიქრობს და ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა გაიღოს ყველა მხარემ ერთად და ერთდროულად. ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ დემონსტრაციები, გამოხატოთ თქვენი თავი, იდებატოთ პარლამენტში, ვიდრე თქვენ დებატობთ პოლიტიკის საკითხებზე, დამსახურებაზე, როგორ შექმნათ კანონები, როგორ გადაწყვიტოთ ქართველი ხალხისთვის უკეთესი, ეს ლეგიტიმური დისკუსიებია, ხოლო დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანებზე და მათ არალეგიტიმურად ცნობს ქართულ პოლიტიკაში მსახურებისთვის, ასეთი დისკუსია პოლარიზებულია და თავი უნდა ავარიდოთ“, – განაცხადა ქნირშმა.