პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება.
ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ფილმის საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა, რომლებიც საქართველოს 26 აპრილიდან 2 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ.
პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორციელებს. პროგრამის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო და ვიზუალური პროდუქციის შემნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნებას სთავაზობს.
„აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც შემოსული 26 განაცხადი მოწმობს. მათგან გადაღებები უკვე დასრულდა 15 პროექტზე, 11 პროექტზე გადაღებები მიმდინარეობს. პროგრამის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 67 მილიონი ლარი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 8000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.