ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის აგენტი უწოდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს.
„ქართულ ოცნებას“ ბედმა გაუღიმა, რომ კოვიდი იყო, ევროპარლამენტმა დამკვირვებლები არ გამოაგზავნა, ჩამოვიდა პრაქტიკულად მარტო ევროსაბჭო და ეს რუსეთის აგენტი კოქსი. ძველი ჰოლანდიელი დეპუტატი, რომელიც ყველამ იცის, რომ რუსეთს ჰყავს კმაყოფაზე აყვანილი უკვე ორი ათწლეულია, ჩემი დროიდან, მე როცა ვიყავი ევროსაბჭოში. რაღა „ეფესბეს“ დაუწერია დასკვნა და რაღა კოქსს. ესეც ხომ მეტყველებს, ვინ დგას ივანიშვილის უკან. კოქსი რომაა შენს მხარეს, ე.ი. რაღაცა ისე არ არის ხომ? რაღაცა კი არა, ყველაფერი ისე არ არის. მაგრამ ახლა, როცა ეს ფაქტები დავდეთ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, თვალები გაახილეს, ამერიკის არჩევნების თემამაც ჩაიარა და დაინახეს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელსაც ადრე უწოდებდნენ დემოკრატიის შუქურას მთელი მსოფლიოსთვის, დღისით, მზისით, უფრო სწორად ბნელ ღამეს, ერთმა ბნელმა ტიპმა მოპარა საკუთარ ხალხს მთლიანად არჩევნების უფლება, იმიტომ რომ არჩევნები წააგო. 20% გადაიწერა და გამოაცხადა, რომ მოიგო. ამაზე ახლა მსოფლიო აუცილებლად ირეაგირებს, მაგრამ ეს რეაქცია იქნება გადამწყვეტი, თუ ჩვენ ვიქნებით ბევრი. თუ არ წამოვეგებით ამ მესიჯს, რომ რა აზრი აქვს, ახლა სახლში დავიმალოთ, სანამ მიშა არ ჩამოვა, არაფერი არ გამოვა“,- განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება“.
ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.