„ამერიკას სჭირდება საქართველოს მსგავსი სანდო მოკავშირე“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ჰილი“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ათწლეულში, რომელიც კონფლიქტით ემუქრება ახლო აღმოსავლეთისა და ევრაზიის მნიშვნელოვან რეგიონებს, აშშ-ს სანდო პარტნიორი სჭირდება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში. საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მოკავშირეთა ოპერაციებში ბრწყინვალე მონაცემებით, და მისი რეგიონული როლი სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ვაშინგტონში ქართველი მაღალჩინოსნების მოსალოდნელმა ვიზიტებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წინსვლას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომდევნო კვირას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ (National Prayer Breakfast) დაესწრება და კაპიტოლიუმში კონგრესის მნიშვნელოვან წევრებთან შეხვედრას გამართავს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს, დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას – გლობალური რელიგიური თავისუფლება ამერიკის ახლო მოკავშირეებთან ერთად, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხარდაჭერით იმართება. გაზაფხულზე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ვაშინგტონში მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში.
„ამერიკის მოკავშირეები გადამწყვეტ ლოკაციებზე ასრულებენ მნიშვნელოვან ამოცანებს უსაფრთხოების მხარდასაჭერად, რომელიც ამცირებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ფართო მასშტაბით განთავსების საჭიროებას. საქართველოს შეუძლია დახმარება ამ როლის შესრულების მხრივ არასტაბილურ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. ეს სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, შავი ზღვის გასწვრივ. შავ ზღვას მოსკოვი იყენებს ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართ სამხედრო ძალის პლაცდარმად.
საქართველოს უკვე შეაქვს უზარმაზარი წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიაში. ის ნატო-ს არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო „აისაფის“ მისიაში ავღანეთში და მის შემდგომ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რომელიც წვრთნის და დახმარებას უწევს ავღანურ ძალებს. საქართველომ ავღანეთში, მოკავშირეთა ძალებში ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო ერთ სულ მოსახლეზე. მან ასევე შესთავაზა მისი ტერიტორიები, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური შესაძლებლობები ნატო-ს ძალების ტრანზიტისა და ტვირთისთვის და ფლობს მოდერნიზებულ მნიშვნელოვან აეროპორტებს და საპორტო დაწესებულებებს“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ არათანაზომად რეგიონებში, ამერიკული ინტერესები საიმედო პარტნიორების არსებობით მყარდება, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო სამი მაგალითია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია, მათ შორის ლეტალური შეიარაღებით, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამებითა და მტკიცე დიპლომატიური მხარდაჭერით.
„საქართველოს შემთხვევაში, ვაშინგტონმა გაყიდა ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, რათა გაეძლიერებინა ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობები. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მაღალი დონის ვიზიტებით, ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა მის მისწრაფებას საქართველოს პროამერიკული საგარეო პოლიტიკის მიმართ და მნიშვნელოვან კონტრიბუციებს გლობალურ უსაფრთხოებაში. ამავდროულად, გმობდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას.
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაუმჯობესება და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის განახლებული იმპულსის შექმნა იქნება.
ნატო-ს ზოგიერთი წევრი შეშფოთებულია, რომ საქართველოს წევრობა რუსეთთან ომს გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ისინი უგულველყოფენ მთავარ პრინციპს, რომ მესამე მხარეს არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე და ვერ შეძლებს ასპირანტის მძევლად აყვანას. მეტიც – რუსეთი არ გარისკავს პირდაპირ კონფრონტაციას სამხედრო თვალსაზრისით უფრო მრავალეროვან ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, ნატო მოქმედებს, როგორც შემაკავებელი ფაქტორი განახლებული კონფლიქტისთვის, როგორც ეს ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში ვიხილეთ“, – წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ნატო-ში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია. წევრობის გზაზე საქართველომ სარგებელი უნდა მიიღოს აშშ-ის მიერ ნატო-ს არაწევრ მნიშვნელოვან მოკავშირედ გამოცხადებით. დღეისათვის ამ სტატუსს 16 ქვეყანა ფლობს, მათ შორის – ეგვიპტე, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2014 წელს კონგრესმა კანონპროექტიდან ამოიღო დებულებები საქართველოსთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგან ობამას ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ამბიციები.
„ნატო-ს არაწევრ მნიშვნელოვან მოკავშირედ გამოცხადება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს აძლიერებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის ხანგრძლივი ბაზისის შექმნით, და ამერიკული ჯარების ბაზირების შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიებს, ეს აფრთხილებს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, რომ აშშ დაიცავს მის მოკავშირეს თავდასხმის შემთხვევაში. მსგავსი შეთანხმება ასევე დაეხმარება აშშ-სა და საქართველოს, კოორდინაცია გაუწიონ მათ კამპანიას რუსეთის დივერსიული ქმედებების წინააღმდეგ, შეეწინააღმდეგონ ჩინეთის უარყოფით გავლენას და დაამყარონ უფრო მჭიდრო კავშირები კავკასიაში მეზობელ სახელმწიფოებთან“, – წერს „ჰილი“.
ამასთან, სტატიის თანახმად, უსაფრთხოების სფეროში უფრო კონკრეტული დახმარებით, საქართველოს შეუძლია, უკეთესად დაიცვას თავი რუსეთის თავდასხმებისგან, გააძლიეროს მისი დემოკრატია და გაამყაროს ამერიკის რეგიონული ალიანსები.