ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოხსენებას მოუსმენენ.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა მითითებული, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენება „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციას შეეხება.
გარემოს დაცვის კომიტეტის წევრ ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისკენ არის მიმართული, თუმცა შესასწავლია გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც. მისივე თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია მინისტრებისგან ამომწურავი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გახდება მკაფიო.
„იცით, რომ შემოსულია პეტიცია ჰესებთან დაკავშირებით. არის გარკვეული კითხვის ნიშნები და ადამიანების გარკვეული ჯგუფი ამბობს, რომ არის მაღალი რისკები. დარწმუნებული ვარ, მინისტრებისგან მოვისმენთ ძალიან დეტალურ ინფორმაციას და სრულად მივიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც ისმის, როგორც მოსახლეობისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს საკომიტეტო მოსმენა და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად მყარი პოზიცია გვექნება ამ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ. მთავარი არის, რომ რისკებთან დაკავშირებით გვქონდეს სრული ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ ჰესების მშენებლობა ემსახურება ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყანაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხრივ, თუმცა აუცილებელია საზოგადოებას ძალიან დაწვრილებით და სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ აღარ დარჩეთ არც ერთი კითხვის ნიშანი. ჩვენი პოზიცია ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით იქნება უფრო მკაფიო მას შემდეგ, რაც მინისტრებისგან მოვისმენთ უფრო მეტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გვექნება უფრო მკაფიო პოლიტიკა“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.