ჰერმან საბო - ნამეტან ყურადღებას ვაქცევთ, რას ამბობენ ჩვენ შესახებ უკრაინელი მაღალჩინოსნები, უნდა ვეცადოთ, ავუხსნათ, რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი მეორე ფრონტი
ჰერმან საბო - ნამეტან ყურადღებას ვაქცევთ, რას ამბობენ ჩვენ შესახებ უკრაინელი მაღალჩინოსნები, უნდა ვეცადოთ, ავუხსნათ, რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი მეორე ფრონტი

ვფიქრობ, ნამეტან ყურადღებას ვაქცევთ იმას, რას ამბობს ჩვენ შესახებ უკრაინა და მისი მაღალჩინოსნები, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„უკრაინა ახლა ომშია, იქ საშინელი კონფლიქტი მიმდინარეობს და ყველა გარე მეგობრისთვის და დამხმარესთვის უკრაინას ერთი და იგივე რიტორიკა აქვს. ისინი მოითხოვენ მაქსიმუმს, რათა მიიღონ მინიმუმი მაინც. მაგალითად, ბატონმა ზელენსკიმ უარი თქვა გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე და უამრავ ასეთ მაგალითს ნახავთ, სადაც საჯარო გამოსვლებში ისინი ღიად აკრიტიკებენ იმ მთავრობებს, რომლებიც ფეხს ითრევენ, ან საკმარისად სწრაფად არ მოქმედებენ უკრაინის დასახმარებლად“, – განაცხადა საბომ.

ამ განცხადებით ჰერმან საბომ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ისმის უკრაინის მხრიდან კონკრეტულად საქართველოს მისამართით ინტენსიურად ბრალდებების კასკადი.

მისი თქმით, თითოეული ასეთი გადავადებული დღე ნიშნავს მეტ დაღუპულ უკრაინელ ბავშვს, სამოქალაქო პირს და მათ შორის, სამხედროსაც.

„აქედან გამომდინარე, მე ძალიან კარგად მესმის მათი რიტორიკის“, – განაცხადა საბომ.

შეკითხვაზე, ესმის თუ არა მას მათ შორის, მეორე ფრონტის გახსნის ღიად მოთხოვნაც, საბომ აღნიშნა, რომ ესეც ესმის.

„გულწრფელად გეუბნებით – პირიქით რომ იყოს დღეს სიტუაცია, უკრაინის ადგილას ჩვენ რომ ვიყოთ, ხოლო უკრაინაში ჩვენსავით ასე მშვიდობა იყოს, მე ალბათ, გამოვიდოდი და ასეთ მოთხოვნას ვიტყოდი უკრაინელების მიმართ. როდესაც ყოველდღიურად ადამიანები გეღუპებიან და ამ კონფლიქტში ხარ, ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია, ყველა ის შესაძლო ვარიანტი გააჟღერო, რომელიც სწრაფად დაამთავრებდა რუსეთის ამ აგრესიას, ან შეასუსტებდა მას. ამიტომ, მგონია, რომ აქ ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ რიტორიკას და ვეცადოთ, ავუხსნათ, რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი მეორე ფრონტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ მიმართებით არის ერთიანი. ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ არ გვინდა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ძალით დაბრუნება“, – განაცხადა საბომ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა მისი საუბრიდან გამომდინარე ლოგიკური, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში საქართველოს უკრაინის მიმართ ანალოგიური მოთხოვნები გაეჟღერებინა, ჰერმან საბომ განაცხადა, რომ შეიძლება, ასეთი რამ მოგვესმინა კიდეც, „ჩვენი ომი იმდენ ხანს რომ გაგრძელებულიყო, რამდენ ხანსაც უკრაინაში გრძელდება.“

„ჩვენ ძალიან მალე და ტრაგიკულად დავამთავრეთ ის ომი. ასე რომ, აქ სპეკულაცია შეგვიძლია, დავიწყოთ, რამდენად ვინ რას იტყოდა, მაგრამ შეიძლება, ვერც მოვასწარით. ანუ, ორივე ლეგიტიმური აზრია“, – განაცხადა საბომ.

ჰერმან საბომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის მიმართ უფრო მეგობრულად რომ იქცეოდეს, სხვა ქვეყნისთვის ულიმიტო სამხედრო და რესურსული დახმარების შესახებ აშშ-ის მიერ ხელმოწერილი აქტი შესაძლოა, ჩვენთვის ყოფილიყო შანსი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ გავერთიანებულიყავით და ამ დახმარების წილი ჩვენთანაც წამოსულიყო.

„თქვენ იცით, რომ აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოაწერა ხელი სხვა ქვეყნისთვის ულიმიტო სამხედრო და რესურსული დახმარების აქტს, რომელშიც წერია, რომ ისინი მზად არიან, დაეხმარონ, როგორც ომში მყოფ უკრაინას, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ანუ, გამოდის, რომ ეს ჩვენთვისაც შეიძლება, იყოს შესაძლებლობა, ჩვენ რომ უფრო თანამგრძნობად და უკრაინისთვის უფრო მეგობრულად ვიქცეოდეთ. ეს შეიძლება, ჩვენთვის ყოფილიყო იმის შანსი, რომ რაღაცნაირად, ერთი ქოლგის ქვეშ გავერთიანებულიყავით და ამ დახმარების წილი ჩვენთანაც წამოსულიყო“, – განაცხადა ჰერმან საბომ.