ჰერმან საბო - მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაშვებული შეცდომა გამოვასწოროთ, გამიხარდება, თუ შუალედური არჩევნებით პარლამენტში დაბრუნდება
„გირჩის“ წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, გაუხარდება, თუ ბადრი ჯაფარიძე შუალედური არჩევნებით პარლამენტში დაბრუნდება.
ამასთან, ჰერმან საბოს თქმით, უკეთესი იქნებოდა, ჯაფარიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის თაობაზე განცხადება ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გაკეთებულიყო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაშვებული ადამიანური და იურიდიული შეცდომა გამოვასწოროთ. გამიხარდება, თუ ბადრი ჯაფარიძე შუალედური არჩევნებით პარლამენტში დაბრუნდება. უკეთესი იქნებოდა, მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის თაობაზე განცხადება ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გაკეთებულიყო, მაგრამ ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რომელსაც ასე მოქცნენ, ასეთ რაღაცებს ვერ მოსთხოვ. როგორც ჩანს, ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს და მას საკმაოდ კარგი შანსები აქვს იმის ფონზე, რომ ადამიანები მორალურად ხვდებიან, რომ პარლამენტიდან გასაშვები არ იყო. რუსთავი მეტ-ნაკლებად ოპოზიციური ქალაქია და ბადრი ჯაფარიძის შანსები ოპტიმისტურია“, – განუცხადა ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად 15 თებერვალს შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.