ჰერმან საბო - კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისგან მომესმინა, როგორ ხედავს თავის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რა ნაბიჯებს გადადგამდა, ეს იქნებოდა ალბათ ჩემთვის იდეალური გამოსვლა
ზოგადად, კონკრეტიკა უფრო მიყვარს და მირჩევნია, კონკრეტულ რამეზე ვისაუბროთ და არა იმაზე, როგორი კარგი წინაპრები გვყავდა ან როგორი ღირსები ვართ, რაღაც მივიღოთ ჩვენი წინაპრის გაკეთებული საქმის გამო. ამ მიზანშედეგობრივ ბმას არავინ ჭამს, – ასე შეაფასა „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა.
საბოს თქმით, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისგან მოესმინა, როგორ ხედავს თავის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
„პრეზიდენტისგან, გარდა იმ განცხადებებისა, რაც ეხებოდა ქართველი ხალხის სურვილს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი და ამ სურვილის უცვლელობას, ალბათ კარგი იქნებოდა, მომესმინა, რა პრაქტიკულ ნაბიჯებს ხედავს, როგორ ხედავს თავის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რისი გაკეთება შეუძლია მართლა იმ საკითხების გამოსასწორებლად, რაც პრობლემურია, იქნება ეს სასამართლო თუ სხვა საკითხები. რა ნაბიჯებს გადადგამდა – ეს იქნებოდა ალბათ ჩემთვის იდეალური გამოსვლა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.