ჰერმან საბო - აქციები უნდა იყოს პრობლემასთან დაკავშირებით, არ ვიცი, თაკო ჩარკვიანს რა ინფორმაცია აქვს, ჯერ რაიმე კოორდინაცია არ გვაქვს
„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ქვეყანაში აქციები პრობლემასთან დაკავშირებით უნდა იმართებოდეს.
ჰერმან საბოს კითხვა დაუსვეს „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა: „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით. მტერია კარზე მომდგარი“.
„აქციები უნდა იყოს პრობლემასთან და არა სიმპტომთან დაკავშირებით. პრობლემა არის ხელისუფლების ქცევა, რეაქცია ფრენების აღდგენაზე და მათი განცხადებები უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტთან მიმართებით. ამაზე შეიძლება იყოს აქციები და არა ის, რომ კონკრეტული ფრენები ხდებოდეს თუ არ ხდებოდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონტექსტი რომ სხვა იყოს, დარწმუნებული ვარ, ფრენების აღდგენას ყველა მიესალმებოდა. ჩვენ არასდროს არც გვქონია აკრძალული, საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია აკრძალული ფრენები რუსეთთან, პირიქით, იქიდან იყო აკრძალული ფრენები. არ ვიცი, თაკო ჩარკვიანს რა ინფორმაცია აქვს, ჯერჯერობით რაიმე ისეთი კოორდინაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
ამასთან, კითხვაზე, შეუერთდება თუ არა აქციას „გირჩი“, ჰერმან საბომ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია აქციის მოთხოვნებზე.
„ვნახოთ, რა იქნება აქციის მოთხოვნა, ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა. აქციის მოთხოვნა, კონტექსტი შეიძლება იყოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ რუსულ კონტექსტს, რუსულ ნაბიჯს უპასუხოს ევროპული ნაბიჯით; ცუდ პიარს რუსეთისგან ვუპასუხოთ კარგი პიარით, ქვეყნის შიგნით ევროპული ნაბიჯით. ეს ჩემთვის ძალიან გასაგები მოთხოვნა იქნებოდა და თუ „ქართული ოცნება“ ამაზე წავიდოდა, მის მიმართ რაღაც ეჭვებს გააქრობდა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.