თაკო ჩარკვიანი - ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით, მტერია კარზე მომდგარი
თაკო ჩარკვიანი - ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით, მტერია კარზე მომდგარი

ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, ეს ფაქტია. კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, რა ფორმით გაგრძელდება აქცია, ამას მეორე დღე აჩვენებს.

„მიმართულება ხელისუფლებაზე უნდა იყოს. ისინი ვინმეს კიდევ ჩამოიყვანენ. ბატონებო, ტურისტები კი არ იყვნენ ჩამოსული, ჩამოსული იყო ლავროვი, ოჯახით. ეს არის აქ მთელი ამბავი. პრაქტიკულად, პუტინი იყო ჩამოსული და ამიტომ შეშფოთდა საზოგადოება. ქსენოფობიაზე სისულელეა ლაპარაკი. როდესაც ასეთი მწირი განათლება გაქვს, ქართულ ლიტერატურას უნდა გადახედოს. სხვათა შორის, ყაზბეგი არავისზე ნაკლები მწერალი არ არის. ყაზბეგს ვაჟა-ფშაველას და სხვა კორიფეებთან ვაყენებ და ვურჩევდი (ირაკლი კობახიძეს) ყაზბეგსაც გადახედოს და ვაჟასაც კარგად გადახედოს. ადამიანის უფლებები შეუძლია ისწავლოს ყაზბეგთანაც და ვაჟასთანაც. ნიცშეზე არანაკლები ფილოსოფოსი გვყავს ვაჟა-ფშაველას სახით. კარგად თუ წაიკითხავს „კაი ყმას“, მაშინ ეს მისთვის აღმოჩნდება გზამკვლელი, მაგრამ, ეტყობა, უკვე დაგვიანებულია.

საკიდზე მსხვილი აქცია რომ დაიკიდება, ეს ფაქტია. რა ფორმა მოჰყვება, უკვე მეორე დღე გვაჩვენებს. კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით.

არაფერი დარჩა. არ დარჩა სასამართლო ინსტიტუცია. კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. საქართველო რუსეთის იმპერიისთვის ხელმისაწვდომი ბოსტანი იყო. კარგი სამზარეულო და სიმღერები გაქვს. ისევ ბოსტნად უნდათ. ეს არის უბედურება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, კითხვაზე, გააძლიერებს თუ არა ოპოზიციას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა, ჩარკვიანი პასუხობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის პოლიტიკოსის გაქრობა პოლიტიკიდან არ ხდება.

მისივე თქმით, ოპოზიციამ გაერთიანებაზე უნდა იზრუნოს.

„როდესაც ერთი წლის წინ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკაშიო, მაშინ ვთქვი, რომ ასეთი რამ არ არსებობს. შეიძლება, სააკაშვილი დასუსტებული იყოს, მაგრამ ამ მასშტაბის პოლიტიკოსები ასე ვერ გადიან პოლიტიკიდან, გამორიცხულია, არ ხდება ეს ამბავი. ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსის გაქრობა არ ხდება. სააკაშვილი ანალიზს დებს ხან უკრაინაზე, ხან საქართველოზე და ძალიან ხშირად წინსწრებით მართლდება.

ყველა კვლევებით, სააკაშვილის პარტია ყველაზე დიდი პროცენტის მატარებელია. პუტინი შემოვიდა, შემოეთრია უკვე და ვიდრე დასავლური ვექტორის პარტიას ჯიბრს დავუწყებთ, ოპოზიციამ გაერთიანებაზე უნდა იზრუნოს. მტერია კარზე მომდგარი, რომელსაც ქვეყნის ბოსტნად გადაქცევა უნდა. გავერთიანდეთ ახლა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.