ჰერმან საბო - აქციაზე ვინც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, ის ჩემთვის მოძალადეა, ხოლო ეს ადამიანი არის თუ არა ლაზარე, საკმარისი მტკიცებულება შსს-ს ჯერ არ წარმოუდგენია
ჰერმან საბო - აქციაზე ვინც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, ის ჩემთვის მოძალადეა, ხოლო ეს ადამიანი არის თუ არა ლაზარე, საკმარისი მტკიცებულება შსს-ს ჯერ არ წარმოუდგენია

აქციის მსვლელობის მომენტში და მას მერეც დარწმუნებული ვარ ჩემს შეფასებაში, რომ ის ძალადობის მომენტები, რაც იყო აქციაზე, იყო სპეცსამსახურების დადგმული, რათა აქცია გაეშავებინათ და მერე ამ აქციაზე დარბევა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, „გაპრავებული“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოზიცია დააფიქსიროს.

„ჯერ მგონია, რომ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ვიცი ამ საქმეზე, რათა ჩამოყალიბებული პოზიცია მქონდეს კონკრეტულად ლაზარესთან მიმართებაში – ის დასაჭერია თუ არ არის დასაჭერი. ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ აქციაზე იმ სიტუაციაში ვინც ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“, ის ადამიანი ჩემთვის მოძალადეა, ეგ ზუსტად ვიცი, ხოლო ეს ადამიანი არის თუ არა ლაზარე, საკმარისი მტკიცებულება შსს-ს ჯერ არ წარმოუდგენია. მხოლოდ მას მერე, რაც ამოწურავენ თავიანთ მტკიცებულებებს და შემექმნება წარმოდგენა, არის თუ არა ეს ადამიანი ლაზარე, მერე შემეძლება, ვისაუბრო ჩემს პოზიციაზე ლაზარესთან მიმართებაში – გამოსაშვებია ციხიდან თუ დასატოვებელია. მაგრამ კონკრეტულად ვინც ისროლა, არის მოძალადე და კონკრეტულად არის აგენტ-პროვოკატორი“,- განაცხადა ჰერმან საბომ საქართველის პირველ არხთან საუბარში.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.