„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - ნატო-მ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს, შეცვალოს ხელშეკრულება, რითაც მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსენებათ ოკუპირებულ რეგიონებს და სრულიად საქართველო შევა ალიანსში
რადგან საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატო-მ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშშია ნათქვამი.
დასახელებულია ხუთი ძირითადი პრიორიტეტი, რაზეც ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს. ერთ-ერთი ასეთი პრიორტეტია – ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა.
ანგარიშში მითითებულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაიდო პირობა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მოგვიანებით, იმავე წელს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში და რუსეთი დღესაც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ოკუპაციას.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო დღესაც არ არის ნატო-ს წევრი, რის გამოც იგი კიდევ უფრო დაუცველია რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინაშე.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს. 2008 წლის სექტემბერში დაარსებული ნატო-საქართველოს კომისია არის „პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმი, რომელიც ზედამხედველობს ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას“. გარდა ამისა, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო ნატო-ს წევრებს წარუდგენს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას რეფორმების სხვადასხვა ამოცანასთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად. გარდა ამისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და დახმარება სამომავლო გაწევრიანებისთვის მომზადებაში. რადგან საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატო-მ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად. ამისთვის კი, ნატო-მ ცვლილებები უნდა შეიტანოს 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში, რომელიც განმარტავს მე-5 მუხლის ძალით დაცული სპეციალური ტერიტორიების რაობას. ამით მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს და სრულიად საქართველო შევა ნატო-ში. სანამ რუსეთი ხელს არ აიღებს ოკუპირებული რეგიონების კონტროლზე, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები მიენიჭება მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო არის ნატო-ს დაფასებული პარტნიორი და აშშ-მა უნდა წაახალისოს საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა.