„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - ბრიუსელის სამიტი ალიანსს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობა თბილისთან და შეინარჩუნოს საქართველო წევრობისკენ მიმავალ გზაზე
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - ბრიუსელის სამიტი ალიანსს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობა თბილისთან და შეინარჩუნოს საქართველო წევრობისკენ მიმავალ გზაზე

„ნატო-ს 2021 წლის სამიტი – ერთგული მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერის დროა“ – ამ სათაურით ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.

ავტორი ლიუქ ქოფი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში 14 ივნისს დაგეგმილი სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ნატო-სთვის, გააძლიეროს თბილისთან ურთიერთობა და შეინარჩუნოს საქართველო წევრობის გზაზე.

ანგარიშში აღნიშნულია სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანია:

1. საქართველო შემოწმებული და საიმედო პარტნიორია;

2. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მნიშვნელოვანია ნატო-ს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში;

3. საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალი გზა მაგალითია ფართო ევრაზიული რეგიონისთვის.

„ნატო-ს ზოგიერთი წევრი შეშფოთებულია, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა ავტომატურად გამოიწვიოს რუსეთთან ომი ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, თუმცა ქართველი მაღალჩინოსნები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ისინი მოხარული იქნებიან ნატო-ს წევრობის შეთანხმებით ან კომპრომისით, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს მეხუთე მუხლის გარანტია არ გავრცელდება ოკუპირებულ ორ რეგიონზე, ვიდრე ეს შემთხვევა არ მოგვარდება რუსეთთან მშვიდობიანად.

საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე შენარჩუნება ალიანსის ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, ნატო-მ გამოიყენოს სამიტი, რომ აღიაროს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ საქართველოს ერთგულება და მსხვერპლი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ წერს, რომ ნატო-მ უნდა გამოიყენოს ბრიუსელის სამიტი, რათა:

„უზრუნველყოს, რომ ალიანსის თითოეულ წევრს მკაფიოდ აქვს გაცხადებული საქართველოს მომავალი წევრობის მხარდაჭერა -სამიტის დეკლარაციამ უნდა განმარტოს, რომ საქართველოს შემდგომი წლიური ეროვნული პროგრამების წარმატებით დასრულება, მჭიდრო ურთიერთობა ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი პროგრესის ნამდვილი ნიშნებია, რაც საქართველოს დაახლოებას, გაწევრიანებას მოუტანს.

შემოქმედებითად იფიქროს წევრობისკენ მიმავალ გზებზე – საქართველოს გაურკვეველი მდგომარეობა ნატო-სთან მიმართებაში ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ალიანსმა უნდა განავითაროს დემონსტრირებული ფორმა საქართველოს წევრობისთვის. რუსეთის ნაწილობრივი ოკუპაციის გამო, ევროპელთა უმეტესობა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. სამიტზე ნატო-ს წევრებმა არაოფიციალურად უნდა განიხილონ მეექვსე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა, რათა დროებით გამოირიცხოს ოკუპირებული რეგიონები, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთთან ომის შეშფოთების მიზეზია.

შეცვალოს „მაპის“ როლი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაში – ბრიუსელის სამიტზე ნატო-მ უნდა გამოტოვოს ფრაზა – „მაპი“ როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“ – რომელიც გამოიყენებოდა სამიტის ბოლო ხუთი დეკლარაციის დროს, საქართველოს შესახებ სექციიდან ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში. ეს საშუალებას მისცემს ალიანსს, რეალური დებატები გამართოს თბილისისთვის „მაპის“ გამოყენებისა და როლის შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მომავალმა სამიტმა უზრუნველყოს, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება სახელმწიფოთა მეთაურების ან მთავრობის დონეზე.

„წარსულში ნატო-საქართველოს კომისია იკრიბებოდა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ეს არასწორ სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს. ნატო-საქართველოს კომისია უნდა ჩატარდეს სახელმწიფოთა მეთაურთა ან მთავრობათა დონეზე, იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა სერიოზულობით განიხილავს ნატო საქართველოსთან ურთიერთობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში ასევე ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხსაც.

„რუსეთის სამხედრო ოკუპაციას აუცილებლად ეწოდოს ოკუპაცია ანგარიშის ასახვის პროცესში. ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის არასასურველი ყოფნა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. დღეისათვის ევროპის ბევრი ქვეყანა არ იყენებს ამ ტერმინოლოგიას. ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ გაგზავნოს ერთიანი და მკაფიო გზავნილი.

მიწვიოს საქართველო, შეიარაღებული ძალებით წვლილი შეიტანოს აშშ-ის ხელმძღვანელობით მრავალეროვნულ ბატალიონში პოლონეთში, როგორც ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების ნაწილი – ქართველები ყოველთვის ეძებენ ახალ გზებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შესატანად, აშშ-სა და საქართველოს კი აქვთ ერთმანეთის გვერდიგვერდ მსახურების კარგი გამოცდილება. ავღანეთში საქართველოს ყოფნის დასრულებისთანავე აშშ-მა უნდა მიიწვიოს საქართველო, წვლილი შეიტანოს მის მულტინაციონალურ ბატალიონში პოლონეთში. დღემდე, ნატო-ს არაწევრ არც ერთ მოკავშირეს არ შეუტანია წვლილი შეიარაღებული ძალებით, როგორც გაძლიერებული მოწინავე განლაგების შემადგენელს. თუმცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შესწევს ძალა, მსახურობდეს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. მათ ასევე უნდა შეეძლოთ, იმსახურონ როგორც გაძლიერებული მოწინავე განლაგების შემადგენლად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„საქართველო აშშ-ისა და ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ის ნატო-სთვის საშიშ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საბრძოლო მოქმედებებში გალანტური არიან. საქართველო ასევე ახორციელებს თავდაცვის გარდაქმნის პროგრამას, რომელიც მაგალითია მთელი ნატო-სთვის. ბრიუსელის სამიტი ალიანსს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობა თბილისთან და შეინარჩუნოს საქართველო წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.