„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - აშშ-მა საქართველოს ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნისკენ უნდა უბიძგოს
ანაკლიის პორტი აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს გააღრმავებს, – ანაკლიის პორტსა და მის მნიშვნელობაზე ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშში არის საუბარი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ხუთი ძირითადი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, რომელზეც 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს.
მასალაში ნათქვამია, რომ 2017 წელს დაიწყო აშშ-საქართველოს ერთობლივი ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც შავ ზღვაზე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიგეგმა.
„2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის შედეგად, შესაძლებელი უნდა იყოს 10.020 ფუტის ეკვივალენტი ერთეულის გატარება. გეგმის თანახმად, პორტის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2021 წლისთვის, თუმცა პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელსაც 2016 წლის ოქტომბერში მიენიჭა პორტის მშენებლობის უფლება, ვერ შეასრულა საკონტრაქტო პირობები 2019 წლის ბოლომდე, რის გამოც საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა პროექტის შეჩერება, თუმცა დროებით, სანამ არ მოიძებნება ახალი ინვესტორი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა უბიძგოს საქართველოს ახალი ინვესტორის პოვნისკენ, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში“, – აღნიშნულია ანგარიშში.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სჭირდება აღნიშნული პორტი, რომელიც გამოიყენებს ქვეყნის გამოუყენებელი ლოგისტიკური პოტენციალის დიდ ნაწილს და კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე. ეს კი, დიდად დაეხმარება ქვეყანას როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
„გარდა ამისა, ანაკლიის პორტი გააღრმავებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა წაახალისონ და მოუწოდონ საქართველოს, იპოვოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, განაახლოს პროექტის განხორციელება და მიიყვანოს ის ბოლომდე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე, ესენია: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა; ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება; საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.