Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-16 ადგილი დაიკავა
ამერიკის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა, „მემკვიდრეობის ფონდმა“ (Heritage Foundation) ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით ქვეყნები სხვადასხვა კატეგორიად დაყო.
საქართველოს 76.2 ქულა აქვს და სიაში მე-16 ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით, ქვეყანამ მაჩვენებელი 0.2 პუნქტით გაიუმჯობესა.
პირველი ხუთი ადგილი ჰონგკონგმა, სინგაპურმა, ახალმა ზელანდიამ, შვეიცარიამ და ავსტრალიამ გაინაწილეს.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 44 ქვეყანას შორის საქართველო მეცხრე ადგილზეა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო „მეტად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ქვეყნები კი „ზომიერად თავისუფალ“ კატეგორიას განეკუთვნებიან.
„მემკვიდრეობის ფონდის“ მიერ შედგენილი ინდექსის მიხედვით, „ნაკლებად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოები. ბოლო ადგილები აფრიკის რამდენიმე ქვეყანამ, ვენესუელამ, კუბამ და ჩრდილოეთ კორეამ გადაინაწილეს.