ირაკლი კობახიძე - მთავარია, დავაჩქაროთ გაწევრიანება ნატო-ში და ეს გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით
ირაკლი კობახიძე - მთავარია, დავაჩქაროთ გაწევრიანება ნატო-ში და ეს გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით

მთავარია, ჩვენ დავაჩქაროთ ჩვენი გაწევრიანება ნატო-ში და ეს გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვა „ჰერიტიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა, სადაც პუბლიკაციის ავტორი ლუკ კოფი აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია და განიხილავს პირობას, რომლის მიხედვითაც, კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამდე, სანამ კონფლიქტები მშვიდობიანად არ მოგვარდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა საკითხი შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, მაგრამ მთავარია, საქართველომ პოლიტიკური ფასი არ გაიღოს ეროვნული ინტერესების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესის საზიანოდ.

„ჩვენი ამოცანა არის ნატო-ში ინტეგრაციის ტემპების დაჩქარება. თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, გადაიდგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის და კონსულტაციების საფუძველზე და ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ დაგვჭირდება დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ეროვნული პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები სათანადოდ იქნება ასახული ჩვენს გადაწყვეტილებებში.

ყველა საკითხი შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს პრიორიტეტი და მიზანი არ გადაიხედება არც ერთ შემთხვევაში. რაც შეეხება დათქმებს, ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. მთავარია, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ჩვენი გაწევრიანება ნატო-ში და ეს გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მთავარია, ჩვენ პოლიტიკური ფასი არ გავიღოთ ეროვნული ინტერესების საზიანოდ. თუ არ დაზიანდება ჩვენი ეროვნული ინტერესები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას ნატო-ში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე – ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ, რა ეტაპზეა დღეს საქართველო ნატო-სთან ურთიერთობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ნატო-სთან. მისივე თქმით, ალიანსში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, საქართველო რეფორმებს ატარებს.

„ნატო-ში გაწევრიანება იყო ამერიკელ კოლეგებთან ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი საგანი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს ნატოში გაწევრიანების პროცესი.

ჩვენ ვატარებთ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებიც გვაახლოებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ღირებულებებთან, რომლებსაც ეფუძნება ნატო. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს აღებული ნატო-ს მიმართ, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები და რეფორმები არის საჭირო ჩვენი სახელმწიფოების შემდგომი განმტკიცებისთვის. ჩვენ გვინდა სწრაფი წინსვლა და იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ის განაცხადი, რომელიც გაკეთდა ბუქარესტის სამიტის დროს და ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მყარია.

„ეს ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა შეხვედრები ამერიკელ მეგობრებთან, კოლეგებთან, არაერთ სენატორთან, ასევე გავმართეთ შეხვედრები ანალიტიკურ ცენტრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ძალიან მყარი.

ჩვენ გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი 2017 წელი ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით. იყო ბევრი საუბარი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო გარკვეული ცვლილებები ჩვენს ურთიერთობებში არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ახალი ფაზა ორმხრივი ურთიერთობების. 2017 წელს კულმინაცია იყო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. მან ქართულ საზოგადოებას მიმართა ძალიან მყარი მხარდაჭერის გზავნილებით, რაც იყო ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთი მყარი დადასტურება.

მხარდაჭერა არის ძალიან მყარი და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან შეხვედრების დროს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვა ასევე ეხებოდა საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და უშიშროების საბჭოს დღეს არსებული ფორმით გაუქმებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული მოდელით კომპეტენციების აღრევას ჰქონდა ადგილი და აღნიშნული ლაფსუსის გასწორება მოხდა. მისივე თქმით, სტრუქტურა, რომელიც დაკავებული იქნება უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებით, მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ უნდა იყოს.

„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი პოზიტიური ცვლილება შეეხო ზუსტად თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემებს. გვქონდა სრული აღრევა კომპეტენციების, არ იყო შესაბამისობაში მოქმედი თავი თავდაცვის და უსაფრთხოების შესახებ ხელისუფლების დანაწევრების პრინციპების.

არის უმარტივესი ლაფსუსი, რომელიც ჩარჩა 2010 წლის ცვლილებების შემდეგ. არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს იმ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში. ეს ლაფსუსი იყო გასასწორებელი. მე ვარ პირადად ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი და ეს ორგანო მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, რაიმე წვლილი შეიტანოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და უსაფრთხოების სისტემის უკეთ ფუნქციონირებაში.

ეროვნული უშიშროების საბჭო არ არის საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელი ორგანო, საპარლამენტო სისტემაში ამ ფუნქციას ითავსებს მთავრობა და მთავრობის ქვეშ უნდა შეიქმნას ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მთავრობის კოორდინაციას უსაფრთხოების კუთხით.

რაც შეეხება მთავარსარდლის სტატუსს, საპარლამენტო რესპუბლიკების უმეტესობაში ეს სტატუსი მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მეთაურს. თუმცა მთავარსარდლობა არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის გამგებლობის ქვეშ არის თავდაცვის სფერო. ის სტრუქტურა, რომელიც დაკავებული იქნება უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებით. ის უნდა იყოს მთავრობის ქვეშ. მთავრობა არის ის სტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კოორდინაცია

თათბირის ნაწილი უნდა იყვნენ ის სუბიექტები, რომლებსაც აქვთ კომპეტენცია მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. თუ რამე სათათბირო ორგანო იქმნება, მან რჩევა უნდა მისცეს იმ ორგანოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტი ასევე  დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა, მოითხოვს თუ არა ხელახლა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არავითარი ინტერესი, სად იქნება მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ირაკლი კობახიძის თქმით, ამაზე შესაბამისი უწყებების ფორმატში იქნება მსჯელობა.

„ამ საკითხს აქვს ორი მხარე. ერთი არის პოლიტიკური მხარე, მეორე – სამართლებრივი მხარე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში, უკრაინაში თუ სადმე სხვაგან. პოლიტიკური თვალსაზრისით, ის ნაკლებად აქტუალურია საქართველოში. 2016 წლის არჩევნებამდე და ის, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, თუმცა 2016 წლის შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ხელისუფლებას არ აქვს ამ საკითხის მიმართ.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ესაა შესაბამის უწყებებს შორის განხილვის საგანი და შესაბამისი უწყებების ფორმატში იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროცედურები.

ეს არის სამართლებრივი უწყებების საქმე, მე არ მინდა ჩავერიო ამ საქმეში. პოლიტიკური ინტერესი ამ საკითხის მიმართ არ არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი