ჰემილტონის 73-ე პოული, ფეტელის 48-ე მოგება და ავსტრალიის გრანპრის სხვა სტატისტიკა
ჰემილტონის 73-ე პოული, ფეტელის 48-ე მოგება და ავსტრალიის გრანპრის სხვა სტატისტიკა

ავსტრალიის გრანპრის შემდეგ, ფორმულა 1-ის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებელი გამოქვეყნდა…

კვალიფიკაცია
– მელბურნში კვალიფიკაციის მოგებით, ლუის ჰემილტონმა კარიერაში 73-ე პოული მოიპოვა. ბრიტანელმა კარიერაში ჩატარებული რბოლების 35 პროცენტი დაიწყო პოულიდან.
– “ალბერტ-პარკი” პირველი ტრასაა, სადაც ჰემილტონმა შვიდჯერ მოიგო პოული. ამ მაჩვენებლით რეკორდი ეკუთვნით – აირტონ სენას (8 პოული იმოლაში) და მიხაელ შუმახერს (8 პოული სუზუკაში).
– კიმი რაიკონენმა კარიერაში მეორმოცედ დაიწყო რბოლა პირველი რიგიდან.
– კევინ მაგნუსენის მეხუთე ადგილი სასტარტო ბილიკზე, საუკეთესო მაჩვენებელია “ჰაასის” ისტორიაში.
რბოლა
– სებასტიან ფეტელმა კარიერაში 48-ე რბოლა მოიგო. ეს იყო 230-ე გამარჯვება “ფერარისთვის”.
– მელბურნში პოდიუმი მე-100 იყო ფეტელის კარიერაში. გერმანელი საშუალოდ ყოველ მეორე რბოლაში ადის პოდიუმზე.
– ფეტელმა 199-ე რბოლა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ალენ პროსტს. თუ კიდევ სამ ეტაპს მოიგებს, გერმანელი პროსტს გამარჯვებების რაოდენობითაც გაუთანაბრდება.
– პირველად 2004 წლის შემდეგ, “ფერარის” ორივე პილოტი ავიდა მელბურნში პოდიუმზე. მაშინ ესენი იყვნენ – მიხაელ შუმახერი და რუბენს ბარიკელო.
– ავსტრალიის გრანპრის 28-ე წრეზე, ფეტელი გახდა მესამე პილოტი ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელიც 3000 წრეზე მეტს ლიდერობდა. მიხაელ შუმახერს ჰქონდა 5111 წრე ლიდერის რანგში, ლუის ჰემილტონს – 3535, ფეტელს – 3030.
– პირველად 2015 წლის სინგაპურის გრანპრის შემდეგ, “რენოს” ძრავებით აღჭურვილი ყველა მანქანა მოხვდა ქულათა ზონაში. მაშინ ეს იყო ორი გუნდი – “რედ ბული” და “ტორო როსო”, წელს სამი – “რედ ბული”, “მაკლარენი” და “რენო”.