ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი იუჰანა აუნესლუომა - ჩვენ გვყავს არაპროგნოზირებადი მეზობელი, ამიტომ ვცდილობთ, მივიღოთ დამატებითი გარანტიები
ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი იუჰანა აუნესლუომა - ჩვენ გვყავს არაპროგნოზირებადი მეზობელი, ამიტომ ვცდილობთ, მივიღოთ დამატებითი გარანტიები

უკრაინაზე თავდასხმა მხოლოდ ნატოს გამო არ მომხდარა, ეს უფრო ღრმა პრობლემებს უკავშირდება რუსეთის მთავრობასა და პუტინის რეჟიმში. ჩვენ აღარ გვყავს პარტნიორი რუსეთის სახით და ამ შემთხვევაში ერთადერთი, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი არის, საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება და მოვლენების უარესი სცენარით განვითარებისთვის მზადება, – ეს განცხადება ჰელსინკის უნივერსიტეტის პოლიტიკური ისტორიის პროფესორმა, იუჰანა აუნესლუომმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა.

იუჰანა აუნესლუომა აცხადებს, რომ ფინელები ნათლად აღიქვამენ და გრძნობენ, რომ რუსეთმა რეალურად შეცვალა მიდგომა, რაც დაუცველობის შეგრძნებას აჩენს.

„24 თებერვალს რუსეთი ისეთ სარისკო ქმედებაში ჩაერთო, რაც მანამდე არასდროს გვინახავს. ფინელები ნათლად აღიქვამენ და გრძნობენ, რომ რუსეთმა რეალურად შეცვალა მიდგომა, სწორედ ეს აჩენს დაუცველობის შეგრძნებას, თუ რუსეთი მზადაა ისეთი ქმედებებისთვის, როგორსაც ვხედავთ უკრაინაში. თავდასხმამდეც კი ცხადი იყო, რომ რუსები უდიდეს რისკზე მიდიან, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. სამწუხარო დასკვნა ისაა, რომ რუსეთს ფაქტობრივად ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც მოესურვება. ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებს კრემლი. სწორედ ამას გრძნობენ ფინეთის მოქალაქეები. ჩვენ გვყავს არაპროგნოზირებადი მეზობელი. ის შეიძლება, იყოს უგუნური და არარაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოს, ხოლო როდესაც შენი მეზობელი ქვეყნის ქცევა ამგვარად იცვლება, შენ ცდილობ, მიიღო დამატებითი გარანტიები“, – განაცხადა აუნესლუომმა.

იუჰანა აუნესლუომას განცხადებით, ​ფინეთს რუსეთის მიმართ გერმანიის მსგავსი მიდგომა ჰქონდა.

„ვცდილობდით რუსეთთან თანამშრომლობას, ვაჭრობას, გვქონდა სოციალური და სხვა ფორმის კონტაქტები, რაც ჩვენი აზრით ქმნის პირობებს მშვიდობისთვის. ახლა ასეთი პოლიტიკას საფუძველი სრულად გამოეცალა. ფინეთს მოუვიდა ის, რაც მოხდა გერმანიაში, ძველი მიდგომა რუსეთის მიმართ ჩავარდა, არ იმუშავა. თუმცა, ამავე დროს, ფინეთი არ არის იმდენად დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, როგორც გერმანიაა. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ. მე არ ვფიქრობ, რომ ფინელები მომხდარს ნატო-ს გაფართოებას უკავშირებდნენ. ეს მხოლოდ რუსეთის რიტორიკაა. უკრაინაზე თავდასხმა მხოლოდ ნატო-ს გამო არ მომხდარა. ეს უფრო ღრმა პრობლემებს უკავშირდება რუსეთის მთავრობასა და პუტინის რეჟიმში. ეს უფრო მეტად გვანერვიულებს, ვიდრე ის, რომ რუსეთი ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება. უკრაინის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბის ომის წამოწყება ფუნდამენტური ცვლილებების მიმანიშნებელია. ფინელები ამ ცვლილებებით არიან შეშფოთებულნი და იმითაც, თუ რამდენად შორს შეუძლია, პუტინს წავიდეს. ფინელები ნათლად გრძნობენ, რომ ძველი პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იყო, რომ ფინეთი არ გაწევრიანდება ნატო-ში, ამ პოლიტიკის საფუძვლები გაქრა. ჩვენ აღარ გვყავს პარტნიორი რუსეთის სახით და ამ შემთხვევაში ერთადერთი, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება და მოვლენების უარესი სცენარით განვითარებისთვის მზადებაა. თუ შეგიძლია გაწევრიანდე ნატო-ში, ეს კიდევ უკეთესი ვარიანტია, – განაცხადა აუნესლუომმა.

​ჰელსინკის უნივერსიტეტის პოლიტიკური ისტორიის პროფესორის თქმით, ფინეთმა უნდა იფიქროს, რა იქნება 20-25 წლის შემდეგ.

„ფინეთი ახლა სამხედრო საფრთხეს არ გრძნობს რუსეთისგან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალში. რა იქნება 20-25 წლის შემდეგ. ამ კუთხით რუსეთის შეფასება ძალიან პესიმისტურია. ფინეთი მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრება მეტ უსაფრთხოებას მოიტანს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შვედეთიც შევა ნატო-ში, მაშინ ჩრდილოეთ ევროპაში შეიქმნება ყოვლისმომცველი გეოსტრატეგიული გაერთიანება – ისლანდიიდან ფინეთამდე, ფინეთიდან ნორვეგიამდე, რომელიც გრძელდება პოლონეთამდე და გერმანიამდე სამხრეთით. ბალტიის ზღვის რეგიონში ჩამოყალიბდება ბლოკი, რომელსაც ექნება გეოსტრატეგიული და ლოჯისტიკური დანიშნულება. ეს ბლოკი იქნება თვითკმარი“, – განაცხადა აუნესლუომმა.