ჰელენა სანდ ადრესენი - ნორვეგია იზიარებს წუხილს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით
ნორვეგია იზიარებს წუხილს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩმა, ჰელენა სანდ ადრესენმა განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამის შესახებ გუშინ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინე მარიე ერიკსენ სორაიდემ მკაფიო განცხადება გააკეთა.
„მან შეახსენა ყველას, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა კიბერსივრცეში, ყველა სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და დაიცვას წესები, ნორმები და პრინციპები კიბერსივრცეში“, – განაცხადა ჰელენა სანდ ადრესენმა.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).