ჰეიდი ჰაუტალა - ზოგჯერ უკეთესია, გავლენიან პირებს ოფიციალური პოზიციები ჰქონდეთ
ზოგჯერ უკეთესია, რომ გავლენიან პირებს ოფიციალური პოზიციები ჰქონდეთ, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტის წევრმა, ჰეიდი ჰაუტალამ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ამ შემთხვევაში, ისინი მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი ხდებიან. გავლენიანი პირი ჩრდილიდან გამოსვლისას საჯარო პირი ხდება და იღებს პასუხიმგებლობას პარტიის, ორგანიზაციის, ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
„რაც შეეხება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამომრჩეველი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. ძალიან საინტერესოა, მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება“, – განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.