Harpers Bazaar - ტარანტინოს ახალ ფილმში მსახიობი ალ პაჩინოც ითამაშებს
კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის სამსახიობო შემადგენლობას ლეგენდარული მსახიობი ალ პაჩინოც დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ Harpers Bazaar-ი ავრცელებს. ალ პაჩინო ლეონარდო დიკაპრიოს გმირის აგენტის როლს შეასრულებს. ეს მსახიობის და რეჟისორის პირველი თანამშრომლობა იქნება.
ფილმის პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოს იგეგმება. სურათში მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებენ.
ფილმი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი 1969 წელს ვითარდება, როდესაც “მენსონის ოჯახის” ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლზე იერიში მიეტანათ. მენსონის დავალებით სახლის მაცხოვრებლები დახოცეს, მათ შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი.
ჩარლზ მენსონი ამერიკელი დამნაშავეა, რომელმაც 1960-იან წლებში კალიფორნიაში სექტა ჩამოაყალიბა. მას აშშ-ში რასობრივი ომის წამოწყება სურდა.