„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 85 წლის მძევალი - მე ჯოჯოხეთი გამოვიარე
„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა 85 წლის ქალმა, იოხევედ ლიფშიცმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის 17 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში, გვირაბში ჰყავდათ დატყვევებული.
„მე გამოვიარე ჯოჯოხეთი“, – განაცხადა იოხევედ ლიფშიცმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, იოხევედ ლიფშიცი და მისი მეუღლე, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია, ცნობილი აქტივისტები არიან, რომლებიც ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს, წლებია, ეხმარებიან, მათ შორის ისრაელის კლინიკებში სამკურნალოდ გადაჰყავთ.
ლიფშიცი ყვება, რომ გატაცების დროს მას ჯოხით სცემეს, თუმცა შემდეგ ნორმალურად ექცეოდნენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, გათავისუფლებისას ერთ-ერთი გამტაცებლისთვის ხელი ჩამოერთმია.
ლიფშიცმა ასევე განაცხადა, რომ მძევლებს ჰქონდათ საკვები, მას აკითხავდა ექიმი და წამლებს აძლევდა. მისივე თქმით, მძევლებსა და მათ მცველებს ერთი და იგივე საკვები, კერძოდ, პური, ყველი და კიტრი ჰქონდათ. იოხევედ ლიფშიცი ამბობს, რომ მცველებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც მძევლებს ჰიგიენის დაცვაში ეხმარებოდნენ.
მებრძოლებს, რომლებსაც ის დატყვევებული ჰყავდათ, ქალი ახასიათებს „ზრდილობიან ადამიანებად, რომლებიც მძევლებს კარგად ექცეოდნენ“. „ისინი გვივლიდნენ, რომ ავად არ გავმხდარიყავით“, – განაცხადა ყოფილმა მძევალმა.
იოხევედ ლიფშიცის თქმით, მას გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ტყვეების ასაყვანად, რადგან ჰქონდათ მძევლებისთვის აუცილებელი ყველა ნივთი, მათ შორის ლეიბი, შამპუნი და ა.შ.
პრესკონფერენციის დასასრულს ყოფილმა მძევალმა გააკრიტიკა ისრაელის მთავრობა, რომელიც, ლიფშიცის თქმით, არასერიოზულად მიუდგა „ჰამასის“ მხრიდან თავდასხმის საფრთხეს. ლიფშიცის განმარტებით, „ჰამასის“ წევრები 7 ოქტომბრის თავდასხმამდე სამი კვირით ადრე გადმოვიდნენ მათ მიწაზე და გადაწვეს, რასაც ისრაელის არმია სერიოზულად არ მოეკიდა.