ჰაკუჰომ ნაგოია ბაშოს დასკვნით დღეს ტერუნოფუჯის აჯობა და 45-ე ჩემპიონობა გაიფორმა - ტოჩინოშინმა მეშვიდე ბრძოლა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
20:26, 18.07.2021
იოკოძუნა ჰაკუჰომ ნაგოია ბაშოს დასკვნით დღეს გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში თანამემამულე ტერუნოფუჯი დაამარცხა და 45-ე იმპერატორის თასი (16 ძენ-შო იუშო) მოიგო. ფინალური დღის წინ ორივე მათგანს იდეალური შედეგი, ანუ 14-14 გამარჯვება ჰქონდა.
ტერუნოფუჯიმ ჰაკუჰოს პირველი აგრესიული იერიში ეფექტურად მოიგერია, მაგრამ იოკოძუნას შეტევა არ შეუწყვეტია, მეტოქე კოტენაგეთი დაამარცხა და მოგება მისთვის უჩვეულოდ ემოციურად – ტრიუმფალური შეძახილით იზეიმა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მუხლის ტრავმამ ხელი შემიშალა, თუმცა ვცადე ამ ბრძოლაზე ვკონცენტრირებულიყავი და ეს გამომივიდა. ამ ასაკში (მონღოლი იოკოძუნა 36 წლისაა) ტურნირის იდეალური ბალანსით მოგებას აღარ ველოდი,“ – განაცხადა ჰაკუჰომ.
მიუხედავად იმისა, რომ ტერუნოფუჯიმ გამარჯვება ვერ მოახერხა, ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარმატების შედეგად დიდია იმის ალბათობა, რომ მონღოლს იოკოძუნას რანგამდე მაინც დააწინაურებენ.
ტურნირის დასკვნით დღეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სეკიტორმა ტოჩინოშინმაც. მისი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა კოტოეკო (2-13) იყო. გორგაძე დოჰიოს კიდესთან იდგა, როდესაც კოტოეკო ხელში აიტაცა და ცურიდაშით მეშვიდე მოგება გაიფორმა. მაკე კოშის (7-8), ანუ უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების გამო ტოჩინოშინს რეიტინგში მცირედი დაქვეითება ელის.