ჰაკერებმა ევროვიზიის ტრანსლაციისას თელ-ავივის დაბომბვის კადრების ჩვენება სცადეს
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის ინტერნეტით ტრანსლაციისას კიბერიერიში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ტრანსლაციისას ჰაკერებმა სცადეს ინტერნეტში თელ-ავივის დაბომბვის ანიმაციური კადრები ეჩვენებინათ. ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომხდარში მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა.
„ჰამასის მხრიდან ჰაკერული თავდასხმა რამდენიმე წუთში აღვკვეთეთ“, – განაცხადეს ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელში.
პალესტინელები და მათი მომხრეები ისრაელში ევროვიზიის კონკურსის გამართვას ბოიკოტს უცხადებენ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ, ანალოგიურად მოიქცნენ.
პალესტინელებმა ასევე მკაცრად გააკრიტიკეს ამერიკელი მომღერალი მადონა, რომელიც თელ-ავივში გუშინ ჩავიდა და კონკურსის ფინალზე იმღერებს. მიუხედავად პროტესტისა, მადონამ განაცხადა, რომ ის ევროვიზიაზე მაინც გამოვა და „არ შეწყვეტს სიმღერას, რათა ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგს მოერგოს“.