ჰაკერებმა ევროვიზიის ტრანსლაციისას თელ-ავივის დაბომბვის კადრების ჩვენება სცადეს

13:00, 15.05.2019

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის ინტერნეტით ტრანსლაციისას კიბერიერიში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ტრანსლაციისას ჰაკერებმა სცადეს ინტერნეტში თელ-ავივის დაბომბვის ანიმაციური კადრები ეჩვენებინათ. ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომხდარში მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა.

„ჰამასის მხრიდან ჰაკერული თავდასხმა რამდენიმე წუთში აღვკვეთეთ“, – განაცხადეს ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელში.

პალესტინელები და მათი მომხრეები ისრაელში ევროვიზიის კონკურსის გამართვას ბოიკოტს უცხადებენ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ, ანალოგიურად მოიქცნენ.

პალესტინელებმა ასევე მკაცრად გააკრიტიკეს ამერიკელი მომღერალი მადონა, რომელიც თელ-ავივში გუშინ ჩავიდა და კონკურსის ფინალზე იმღერებს. მიუხედავად პროტესტისა, მადონამ განაცხადა, რომ ის ევროვიზიაზე მაინც გამოვა და „არ შეწყვეტს სიმღერას, რათა ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგს მოერგოს“.

მსგავსი