ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა, სულ მცირე, 70 ადამიანი
ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა. 6 000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა, გაქცეულიყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მასობრივი სროლა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან ახლოს მდებარე ქალაქში დაიწყეს, დაწვეს მანქანები და სახლები.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, თამინ ალ-ხიტანმა აღნიშნა, რომ დაღუპულებს შორის დაახლოებით 10 ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე თქმით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ ცეცხლი წაუკიდა, სულ მცირე, 45 სახლსა და 34 მანქანას.
ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად მეტია.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრის, გარი კონილის თქმით, თავდასხმა მოითხოვს გადაუდებელ მკაცრ რეაგირებას.
კრიმინალური დაჯგუფების, „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლუკსონ ელანმა განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი მოქალაქეების დუმილზე მაშინ, როცა პოლიცია მათი დაჯგუფების წევრებს კლავს.