ჰადას მეიცადი - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება სამარცხვინოა და მორალურად აბსოლუტურად არასწორია
ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება სამარცხვინოა და მორალურად აბსოლუტურად არასწორია, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.
„ნებისმიერი მცდელობა პარალელის გავლებისა დემოკრატიულ სახელმწიფო ისრაელსა და ამ მკვლელ ორგანიზაციის შორის სრულად უნდა იყოს უარყოფილი. „ჰამასმა“ ჰოლოკოსტის შემდეგ ერთ დღეში ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა მოკლა. „ჰამასს“ ჯერ კიდევ ჰყავს მძევლები, 128 უდანაშაულო ადამიანი, უკვე რვა თვეა. მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, შეუერთდნენ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც აბსოლუტურად უარყვეს ეს სამარცხვინო და მორალურად არასწორი გადაწყვეტილება.
დღეს ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან გადი მოზესის შვილები. გადი მოზესი ისრაელელი ტყვეა, რომელიც შვიდი ოქტომბრის შემდეგ ღაზაშია დატყვევებული, ოჯახმა ბოლოს მის შესახებ ცნობები დეკემბერში მიიღო. წარმოიდგინეთ, ამდენი ოჯახი, რომელიც საყვარელი ადამიანების დაბრუნებას ელოდება. ეს არის „ჰამასი“, ამაზე დგას „ჰამასი“, ტერორიზმზე, ძალადობაზე, ბოროტებაზე“, – აღნიშნა ჰადას მეიცადისმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.