ჰადას მეიცადი - ღაზის მოსახლეობა არ არის ჩვენი მტერი, ისრაელი იბრძვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არ გვსურს, ვავნოთ ვინმეს, ვინც უდანაშაულოა და არ მონაწილეობს თავდასხმაში
ჰადას მეიცადი - ღაზის მოსახლეობა არ არის ჩვენი მტერი, ისრაელი იბრძვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არ გვსურს, ვავნოთ ვინმეს, ვინც უდანაშაულოა და არ მონაწილეობს თავდასხმაში

დღეს კანცლერი შოლცი ვიზიტით ჩადის ისრაელში, ხვალ ველოდებით პრეზიდენტ მაკრონის, ბაიდენის ვიზიტს. ისრაელში მსოფლიო ლიდერების ჩასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან მკაფიო გზავნილია, რომ ისრაელი არ არის მარტო ტერორიზმის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში, რომ მსოფლიო მხარს გვიჭერს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკური მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ძალიან ძლიერია და ძალუძს შეასრულოს მთავრობის მიერ დასახული ამოცანა. პოლიტიკური მხარდაჭერა, იმის ცოდნა, რომ მსოფლიო მხარს გვიჭერს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამ მომენტისთვის მოკლულია დაახლოებით 1 400 ისრაელელი და შესაძლოა, ეს რიცხვი ჯერ არ იყოს საბოლოო. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით ყველა გარდაცვლილის იდენტიფიცირება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ჰყვებიან, რომ მათი კარიერის განმავლობაში ამგვარი რამ არასდროს გამოუცდიათ. ეს არის ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს. ომი გაგრძელდება, მე-11 დღეა, რაც ისრაელი დარტყმებს ახორციელებს ღაზის სექტორში სამხედრო სამიზნეებზე. ჩვენი სამიზნე არის „ჰამასის“ ხელმძღვანელობა, ინფრასტრუქტურა, მათი გვირაბები და ყველაფერი, რაც „ჰამასს“ ისრაელის და ასევე ღაზას მოსახლეობის დატერორების საშუალებას აძლევს. ეს გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც ამისთვის საჭირო იქნება, რათა აღმოიფხვრას საფრთხე, რომელსაც „ჰამასი“ წარმოადგენს ისრაელის ხალხისთვის და ასევე ვიტყოდი, რომ მსოფლიოს მოსახლეობისთვის, რადგან „ჰამასის“ წარმომავლობა არის იგივე, რაც „ისლამური სახელმწიფოსი“, საუბარია რადიკალურ, ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც ისრაელის ელჩმა აღნიშნა, ტერორიზმთან ბრძოლის დროს შეკავება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„დავუბრუნდები „ისლამურ სახელმწიფოს“, რადგან ეს იყო შემთხვევა, როდესაც მსოფლიო გაერთიანდა. 2016 წელს თუ გავიხსენებთ, ბევრი ჩვენგანი შეშინებული იყო, როდესაც ვხედავდით, რომ მათი გავლენა აღმოფხვრის და შემცირების ნაცვლად, ფართოვდებოდა. მაშინ მსოფლიო გაერთიანდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და განათავსა ჯარები. ვნახეთ სანქციები, ფინანსების გაწყვეტა. გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ტერორიზმთან ბრძოლა. ვისურვებდი, რომ ტერორიზმი სრულად იყოს აღმოფხვრილი მსოფლიოში. უფრო მეტად უნდა ვიცოთ, რისი გაკეთება გვჭირდება. უნდა დავარქვათ სახელი და ვიმუშაოთ მის წინააღმდეგ. პრეტექსტის, კონტექსტის დანახვის ნებისმიერი მცდელობა ან რაიმე სახის ლოგიკური ახსნა, არ არის სწორი. ნახეთ ფოტოები, ბავშვები დახოცეს. ამის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანება და ერთად ბრძოლაა საჭირო. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ღაზის მოსახლეობა არ არის ჩვენი მტერი. პირველ რიგში, ისრაელი იბრძვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მეორე, შეძლებისდაგვარად ყველა ზომას ვიღებთ ჩრდილოეთ ღაზაში მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის. ჩვენ მათ ვუთხარით, წავიდნენ სექტორის სამხრეთ ნაწილში. არ გვსურს, ვავნოთ ვინმეს, ვინც უდანაშაულოა და არ მონაწილეობს თავდასხმაში. ვცდილობთ, ეს თავიდან ავირიდოთ. სამწუხაროდ, ომში არის მსხვერპლი. ასევე აღსანიშნავია, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის მოსახლეობის სამხრეთით გადაადგილებას. „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და ლაჩრულად უკან იმალება“, – აღნიშნა ჰადას მეიცადმა.

ამასთან, ისრაელის ელჩმა პრესკონფერენციაზე მძევლად აყვანილი ერთ-ერთი ბავშვის დედა დისტანციურად ჩართო. როგორც მეიცადმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მძევლები რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

„ეს არის ძალიან ემოციური ყველა ჩვენგანისთვის ისრაელში. ყველა ჩვენგანი არის დედა, და, ისრაელში არავინ არის გულგრილი, როდესაც აცნობიერებს, რომ ამდენი ადამიანია მძევლად აყვანილი, მათ შორის არიან ბავშვები, ზოგიერთი ჩვილი, მცირეწლოვანი. მნიშვნელოვანია, მათი ოჯახების ხმები შესმენილი იყოს და ყველაფერი გაკეთდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სახლში“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.