2004-2006 წლებში ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა რაღაც გასაოცარი გადაიღო. ჩვენგან 25 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ ფორმალჰაუტის გარშემო მოძრავი პლანეტა, რომელიც პირდაპირ ხილულ სინათლეში ჩანდა; ასეთი რამ კი ეგზოპლანეტების შემთხვევაში უიშვიათესია, რადგან როგორც წესი, ისინი იმდენად მკრთალია, რომ ხილულ სინათლეში არ ჩანან.
ობიექტს ოფიციალურად ფორმალჰაუტ b უწოდეს, ასევე მოიხსენიებდნენ დაგონის სახელით; მისი აღმოჩენის შესახებ ნასამ 2008 წელს განაცხადა, 2012 წელს კი ეგზოპლანეტის არსებობა საბოლოოდ დადასტურდა. მეცნიერთა აზრით, ის იყო გაზის გიგანტი, რომელიც დედავარსკვლავის გარეშე ძლიერ ელიფსურ, 1700-წლიან ორბიტაზე მოძრაობდა.
თუმცა, ასტრონომები შოკში ჩავარდნენ, როდესაც ჰაბლის მიერ 2014 წელს გადაღებული ფოტოები შეისწავლეს. სავარაუდო პლანეტა საერთოდ აღარ იმყოფებოდა იმ ორბიტაზე, რომელზეც ის უნდა ყოფილიყო.
აღმოჩნდა, რომ დაგონი სრულიად გამქრალიყო.
მის ადგილას უბრალოდ აღარაფერი იყო, რამაც ასტრონომები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ეს წერტილი სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილა ეგზოპლანეტა. ასტრონომებს ახლა სჯერათ, რომ ჰაბლის ადრეულ ფოტოებზე შემჩნეული კაშკაშა წერტილი კიდევ უფრო უიშვიათეს რამეს წარმოადგენდა — ასტეროიდის ზომის ორი პლანეტოშენადედის შეჯახების კვალს.
„ასეთი შეჯახებები უკიდურესად იშვიათია და მის დაფიქსირებისას ნამდვილად გაგვიმართლა. სწორ ადგილას და სწორ დროს აღმოვჩნდით, როდესაც ჰაბლის ტელესკოპით ეს უიშვიათესი მოვლენა დავაფიქსირეთ“, — ამბობს არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომი ანდრია გასპარი.
დაგონის ეგზოპლანეტად შეფასება თავის დროზე საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა. ფორმალჰაუტი ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავია, დაახლოებით 440 მილიონი წლის და შესაბამისად, ჯერ კიდევ გარშემორტყმულია მტვრისა და გაზის ყინულოვანი რგოლით, ანუ ვარსკვლავწრიული დისკოს ნაშთებით.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ახალგაზრდა უნდა იყოს მის გარშემო მოძრავი ნებისმიერი პლანეტაც, ამავე დროს თბილი და გამოყოფდეს ინფრაწითელ რადიაციას; თუმცა, დაგონის შემთხვევაში ინფრაწითელი რადიაცია საერთოდ არ ფიქსირდებოდა. გარდა ამისა, ის უჩვეულოდ კაშკაშა იყო ლურჯ ოპტიკურ ტალღის სიგრძეებში, რაც არ შეესაბამება პლანეტათა ფორმაციის ამჟამინდელ მოდელებს.
ასეთი სპეციფიკურობის ასახსნელად, ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ პლანეტას ჩრდილავდა მტვრის უზარმაზარი რგოლი ან ღრუბელი, რომელიც სხვა ობიექტებთან შეჯახების შედეგად უნდა ყოფილიყო წარმოქნილი; ასევე ივარაუდეს, რომ მას ეფარებოდა უზარმაზარი რგოლებიანი სისტემის მქონე სხვა პატარა პლანეტა. ზოგიერთმა ისიც კი ივარაუდა, რომ დაგონი შეიძლება ნეიტრონული ვარსკვლავი ყოფილიყო.
თუმცა, არც ერთი ეს ახსნა დასკვნითი არ გახლდათ, რასაც თან ახლდა ერთი დიდი პრობლემაც: ირკვეოდა, რომ დაგონის ორბიტა ვარსკვლავის გარშემო არსებული რგოლის ნარჩენებს ისე კვეთდა, რომ არ იწვევდა გრავიტაციულ აშლილობას, რასაც ნებისმიერი პლანეტა იზამდა. გამომდინარე აქედან, ასტრონომები ამ სისტემაზე დაკვირვებას აგრძელებდნენ.
„ჩვენმა კვლევამ მოახდინა ფორმალჰაუტ b-ს შესახებ ჰაბლის მიერ შეგროვებული ყველა საარქივო მასალის ანალიზი, მათ შორის, შეისწავლა ბოლო დროს გადაღებული ფოტოებიც და შედეგად, გამოავლინა მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ სინამდვილეში, პლანეტის ზომის ობიექტი შეიძლება არც არასდროს არსებულა“, — ამბობს გასპარი.
როდესაც 2014 წლის მონაცემებში დაგონის უეცარი გაქრობა შენიშნეს, გასპარმა და მისმა კოლეგამ, არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯორჯ რიკმა წინა დაკვირვებების ხელახლა შესწავლა დაიწყეს.
შედეგად კი მათ აღმოაჩინეს, რომ ობიექტი დროთა განმავლობაში გაქრა, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგებოდა 2012 წლის კვლევას, რომელმაც ობიექტის სიკაშკაშეში ცვლილებები ვერ დაადგინა და ის პლანეტად ჩათვალა.
გასპარის თქმით, ფორმალჰაუტ b ისე იქცეოდა, როგორც არასოდეს მოიქცეოდა ნამდვილი პლანეტა.
მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით, გასპარი და რიკი დარწმუნებული არიან, 2004 წელს, ჰაბლმა პირველი ფოტო სულ ახლად შეჯახებულ ობიექტებს გადაუღო. ერთმანეთს უნდა შეჯახებოდა დაახლოებით 200 კილომეტრის სიგანის ორი ობიექტი, რომლებიც სავარაუდოდ კლდისა და ყინულისგან შედგებოდა, მზის სისტემის კომეტების მსგავსად.
შეჯახება საკმაოდ კოლოსალური უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, ხილვადიც, თუმცა, დროთა განმავლობაში ის უნდა გაშლილიყო და გამქრალიყო. ამ დროისათვის კი, დარჩენილი ნაწილაკები იმდენად პატარაა, რომ ჰაბლს მათი დანახვა უკვე აღარ შეუძლია.
მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა ისიც, რომ დაგონის ნარჩენები ვარსკვლავის გარშემო აღარ ბრუნავს და მისგან საერთოდაც გარბის.
როგორც გასპარი განმარტავს, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი მასიური ღრუბელი ვარსკვლავ ფორმალჰაუტისგან განიცდის ძლიერ რადიაციულ დაწოლას, რამაც ის სისტემის დატოვების ტრაექტორიაზე დააყენა.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uanews.arizona.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.