ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთი მოქმედი მოსამართლის მონაწილეობით საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია იმართება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართა.
კონფერენცია 27-28 სექტემბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლით გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია კავკასიისა და ევროპის რეგიონში უნიკალურია და მასში მონაწილეობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთი მოსამართლე ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად მიიღებს.
საერთაშორისო კონფერენცია და საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ ფარგლებში.
კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის მიზანია, საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებში გააღრმაოს ცოდნა და დაინტერესება საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინისა და მართლმსაჯულების, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის მიმართ. ზოგადად, საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოსა და რეგიონში მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და უკრაინის მოვლენების კონტექსტში. სტუდენტებს, მეცნიერებს, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს სპეციალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, უშუალოდ რომის სტატუტის მოლაპარაკებების მონაწილეებთან ერთად იმსჯელონ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე და ამ მიმართებით საქართველოს გამოცდილებაზე.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები: გოჩა ლორთქიფანიძე, ფრანგი მოსამართლე მარკ პერინ დე ბრიშამბო, კანადელი მოსამართლე კიმბერლი პროსტი, ბრიტანელი მოსამართლე ჯოანა კორნერი, იტალიელი მოსამართლე როსარიო სალვატორე აიტალა. ამასთან, საზაფხულო სკოლისა და კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს აღიარებული უცხოელი და ქართველი პროფესორები შეხვდებიან.
კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის ურთიერთქმედება რომის სტატუტის ფარგლებში; ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების მატერიალური და მენტალური ელემენტები, ამ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები; კომპლემენტარულობის პრინციპი; კონკრეტული დანაშაულის ინდივიდუალური შერაცხვა; სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების საფუძვლები და მექანიზმები.
ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდი კონფერენციასა და საზაფხულო სკოლას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად ახორციელებს.
ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტი – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ – 2019 წელს დაიწყო და დღემდე მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. პროექტის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეები და ექსპერტები.
2022 წელს გერმანიაში ჩატარდა საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებშიც ათობით ქართველ სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ცოდნა მიეღო საერთაშორისო სისხლის სამართლის კუთხით. ღონისძიება გაიმართა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის, ბილეფელდის უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.