გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ახალ მაგისტრალზე 88 ხიდი და 51 გვირაბი პარალელურად შენდება
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები 88 ხიდსა და 51 გვირაბზე პარალელურად და ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„51 გვირაბიდან გაჭრილია 16 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები სრულად უკვე სამ გვირაბსა და ექვს ხიდზეა დასრულებული. მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. ახალად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს ექვს ხიდსა და სამ გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი, უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი. რიკოთის მოდერნიზება მნიშვნელოვანია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება. გზის მშენებლობაზე, ამჟამად დასაქმებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულდება. გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.